მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არავინ გარისკავს, გაწიროს საკუთარი კაპიტალი“ – „რუსული კანონის“ გავლენა ბიზნესის გეგმებზე

ირაკლი ჟვანია

ბიზნეს & საკონსულტაციო კომპანია „ქუდოს ჯორჯიას“ პარტნიორის ირაკლი ჟვანიას შეფასებით, „რუსული კანონის“ ამოქმედებით საქართველოს საგარეო კურსთან მიმართებით გაჩენილი კითხვები ბიზნესისთვის სერიოზული გამოწვევაა. ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.

"ქუდოს ჯორჯია“ აუდიტისა და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო ქსელის Kudos International Network-ის სრულუფლებიანი წევრია, რომელიც წარმოდგენილია მსოფლიოს 45 ქვეყანაში და ბიზნეს არაერთ სერვისს სთავაზობს.

ირაკლი ჟვანიამ „ქუდოს ჯორჯიას“ კლიენტების მაგალითზე ისაუბრა, რა გავლენა იქონია უკვე „რუსულმა კანონმა“ ბიზნესოპერაციებზე.

„დაპაუზება არის ის მინიმუმი, რაც შეიძლება გააკეთოს საერთაშორისო ინვესტორმა ან ინვესტორების ჯგუფმა, რომელსაც რაღაც კონკრეტული საინვესტიციო გეგმები ჰქონდა {საქართველოში}. უნდა გვესმოდეს, რომ თუ სერიოზულ ბიზნესოპერაციებზე ვსაუბრობთ, ის ერთ და ორ კვირაში ან ორ თვეში არ მიიღება. ადამიანების ჯგუფმა გააჩერა წლობით მიმდინარე მოლაპარაკებები ინვესტიციების განხორციელებაზე, ბიზნესის გაფართოებაზე, დამატებითი ფინანსების მოძიებაზე და ამის მთავარი მიზეზი გაურკვევლობაა. იმის გამო, რომ ეს ქვეყანა უყვარს ან კარგი ბიზნესკავშირები და ბიზნესპრტნიორები ჰყავს აქ, არავინ გარისკავს, გაწიროს საკუთარი კაპიტალი, რადგან დღევანდელ მსოფლიოში, სხვაგანაც არაერთი მიმართულებაა, სადაც შეიძლება ინვესტიცია ჩადოს“, - განაცხადა ირაკლი ჟვანიამ და იქვე დასძინა, რომ „საინვესტიციო პროექტების დაპაუზება ხვალ შეიძლება გადაითრაგმნოს იმაში, რომ კაპიტალი სხვა ქვეყანაში წავიდეს და ჩვენ საერთოდ დავკარგოთ ის ინვესტიცია“.

„ისეთ ქვეყანაში, სადაც ინვესტორი არაა დარწმუნებული, რა ნაბიჯები შეიძლება გადადგას მთავრობამ, პოლიტიკურმა გუნდმა მოულოდნელად, ის ყოველთვის უფრო დაკვირვებით იღებს გადაწყვეტილებებს. ჩვენ ვიცით ეს {რუსული კანონი}, ვიცით, სანქციებთან მიმართებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოცემული ე.წ. საგამონაკლისო ბრძანება, ვიცით სხვადსხვა საინვესტიციო დავა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ და ჯამში, ამ ყველაფერს, ბუნებრივია, სტაბილური და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს იმიჯი არ მოაქვს, არამედ - პირიქით. ამდენად, თუ არ შეიცვალა „რუსული კანონი“, თანდათან მისი შედეგები პირდაპირ გადმოითარგმნება ეკონომიკაშიც და ასეთი {მაღალი} ეკონომიკური ზრდით თავს ვერ მოვიწონებთ“, - განაცხადა მან.

როგორც „წერტილთან“ ინტერვიუში ირაკლი ჟვანიამ აღნიშნა, „რუსული კანონის“ ამოქმედებით, საქართველოს ბიზნესგარემოსთან დაკავშირებით შექმნილი ბუნდოვანების გამო, „ქუდოს ჯორჯია“ ცდილობს სხვა ბაზრებზე გააქტიურებას და მათ შორის ერთ-ერთია უზბეკეთი.

"ბოლო პერიოდში, როცა უკვე შევიდა {რუსული} კანონი ძალაში, გადავწყვიტეთ ჩვენი მიმართულებები უფრო აზიისკენ გადაგვეტანა და მათ შორის ვეცადეთ, უზბეკეთის ბაზარზე გაგვეძლიერებინა საინვესტიციო ბანკინგის მიმართულება, რაც არ არის სასიამოვნო არც ჩვენთვის და არც იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების განხორციელებას ფიქრობდნენ, მაგრამ გაურკვევლობა არის ისეთი ბარიერი ინვესტორთა ჯგუფისთვის, რაზეც პასუხები არ გვაქვს, თუ როგორ შეიძლება მოვლენები განვითარდეს და ასეთ დროს სჯობს, ალტერნატივა მოძებნო და {კლიენტებთან} მოლაპარაკებები სხვა ფორმატში გადაიყვანო... თან ინვესტორის მოლოდინის რეჟიმი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება“, - დასძინა ირაკლი ჟვანიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები