"ძალიან კარგი თუ მიმართეს, მაშინ კეთილი ინებონ, კანონს დაემორჩილონ" - ასე გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "რეფორმერის" დამფუძნებლის გადაწყვეტილებას, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივროს კანონი, რომელიც ბიზნესს "საჯარო პოლიტიკურ აქტივობას" უკრძალავს.
შალვას პაპუაშვილმა განაცხადა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა ბიზნესის უფლებაა, თუმცა, მისი თქმით, რომ სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე მხარეები მოქმედ კანონმდებლობას უნდა დაემორჩილონ.
"ძალიან კარგი, მათ უფლება აქვთ მიმართონ საკონსტიტუციო სასამართლოს და საკონსტიტუციო სასამართლო განსჯის. პარლამენტს მუდმივად აქვს საქმეები, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარეობს სხვადასხვა კანონებზე. ზოგჯერ ვიგებთ, ზოგჯერ ვაგებთ, ესეც ნაწილი არის პროცესისა... ძალიან კარგი თუ მიმართეს, მაშინ კეთილი ინებონ, კანონს დაემორჩილონ და იმისდა მიხედვით, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკონსტიტუციო სასამართლო, ყველამ ერთად შევხედავთ და აქედან დასკვნას გამოვიტანთ," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სადავო ნორმა არა კონკრეტულ ფიზიკურ პირებს, ბიზნესმენებს, არამედ უშუალოდ საწარმოებს ეხებათ, თუმცა არ დაუკონკრტებია, როგორ წყდება იურიდიული პირების პასუხისგებაში მიცემის საკითხი.
"არავინ უზღუდავს ბიზნესმენს პოლიტიკურ განცხადებას თუ აზრის გამოთქმას. ეს არ ეხება ინდივიდებს. ეს ეხება საწარმოებს, იურიდიულ პირებს და ეს მნიშვნელოვანი არის სწორედ, როდესაც დღეს გარე დაფინანსებით და წაქეზებით საქართველოში შუღლის დანერგვას, საზოგადოების გახლეჩას, ფაშისტური იდეოლოგიის შემოტანას ცდილობენ. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი არის, რომ ბიზნესი, ვგულისხმობ იურიდიულ პირებს, იქნება ეს - რესტორანი, კაფე, ბარი, საწარმო, მაღაზია და ასე შემდეგ - როგორც საწარმოს, მომხმარებლების მიმართ ჰქონდეს თანაბარი მოპყრობა, თანაბარი განწყობა, არ შექმნას მტრული გარემო მისი პოლიტიკური განწყობის გამო", - აღნიშნა მან.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, როდესაც საწარმოს აქვს გამოკვეთილი პოლიტიკური დღის წესრიგი, ეს იწვევს იმ მომხმარებლების დისკრიმინაციას, რომლებიც ამ პოზიციას არ იზიარებენ.
"საზოგადოებაში არის სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება და ვიცით, ბოლო არჩევნებს თუ შევხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა, მილიონ ასოციათასი ადამიანი გამოცხადდა არჩევნებზე და მისცა "ქართულ ოცნებას" ხმა. უმეტესობა საქართველოს მოქალაქეებისა "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, მაგრამ არსებობს უმცირესობა, რომელსაც აქვს სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნება. როდესაც სხვადასხვა საწარმოში - არ ვიცი, ფიტნესი იქნება, რესტორანი იქნება, კაფე, ბარი, მაღაზია, ქარხანა თუ ასე შემდეგ - იმ საწარმოს აქვს გამოკვეთილი სპეციფიკური პოლიტიკური დღის წესრიგი, იქ, რა თქმა უნდა, მტრული გარემო იქმნება მათთვის, ვინც ამ დღის წესრიგს არ ეთანხმება, ხომ?
რა არის მაშინ პატივისცემა განსხვავებული აზრისა, როდესაც თავს ახვევ და შენს სივრცეს, შენს პოლიტიკურ დამოკიდებულებას აცხადებ?! ახლა რომელიმე ორგანიზაციამ თქვას, რომ "გირჩის" მხარდამჭერებს არ შეუშვებს სადმე, ან არ მოემსახურება, ან ასე შემდეგ, ხომ დისკრიმინაციაა?" - განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2026 წლის 4 მარტს განხორციელებული ცვლილებებით, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდა მეწარმე იურიდიული პირის მიერ და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) “საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან”.




























