მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დანერგილია შიში, რომ ბიზნესი უნდა იყოს ჩუმად და არაფერზე ჰქონდეს პოზიცია|"ბიზნესის დუმილის" კანონი საკონსტიტუციოში გაასაჩივრეს

გიორგი ფუტკარაძე

ფიტნეს-კლუბ „რეფორმერისა“ და აპარტ-ოტელ „ლიბერესოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა გიორგი ფუტკარაძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა კანონი, რომლითაც მეწარმე სუბიექტებს „საჯარო პოლიტიკური აქტივობა“ აეკრძალათ.

მეწარმე და მისი უფლების დამცველები მიიჩნევენ, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153¹³-ე მუხლი და სისხლის სამართლის კოდექსის 355³-ე მუხლი არაკონსტიტუციურია, რადგან ზღუდავს გამოხატვის და მეწარმის თავისუფლებას, ამიტომ უნდა გაუქმდეს.

საქმე ის არის, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში 2026 წლის 4 მარტს განხორციელებული ცვლილებებით, სისხლისსამართლებრივად დასჯადი გახდა მეწარმე იურიდიული პირის მიერ და ამ იურიდიული პირის პასუხისმგებელი პირის მიერ ამავე იურიდიული პირის სახელით ან ამ სახელის მეშვეობით (გამოყენებით) “საჯაროდ ისეთი პოლიტიკური აქტივობის განხორციელება, რომელიც არ არის დაკავშირებული ამ იურიდიული პირის ძირითად სამეწარმეო საქმიანობასთან”.

საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელის არსებითად განხილვაზე მისაღებად 9-თვიანი ვადა აქვს.

გიორგი ფუტკარაძის განცხადებით, კანონის განმარტებით ბარათში არსად არის ნაჩვენები რეალური მოტივაცია, თუ რა „დააშავა“ ბიზნესმა, რომ მის წინააღმდეგ მსგავსი მკაცრი სანქციების დაწესება გახდა საჭირო. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიზანი კრიტიკული აზრის პრევენციული ჩახშობაა.

"კანონის განმარტებით ბარათში არსად წერია მოტივაცია, თუ რა გააფუჭა ბიზნესმა ქვეყანაში, რომ ასეთი მკაცრი ზომების მიღება გახდა საჭირო. ერთადერთი ვარაუდის საფუძველს ის იძლევა, რომ ალბათ ბიზნესისგან გამოთქმული კრიტიკა ქვეყანაში უფრო ხმამაღლა ისმის და საზოგადოებაც მასზე სხვანაირად რეაგირებს.

შესაბამისად, სახელმწიფომ ჩათვალა, რომ თუ ბიზნესი მასობრივად გამოთქვამს პროტესტს კონკრეტულ საკითხებზე, მათი რეპუტაციიდან გამომდინარე, ამას საზოგადოებრივ აზრზე უფრო მეტი გავლენა ექნება და მიიჩნევენ, რომ ეს საფრთხეს შეუქმნის მათ ძალაუფლებას", - აცხადებს გიორგი ფუტკარაძე "ნეტგაზეთთან".

ბიზნესმენი აღნიშნავს, რომ ქართულ ბიზნესგარემოში კრიტიკული პოზიციის საჯაროდ დაფიქსირება მანამდეც იშვიათობა იყო, თუმცა ბოლო პერიოდში ეს ტენდენცია იცვლებოდა, რამაც მმართველი გუნდი აიძულა, "პრევენციისთვის" მსგავსი კანონი მიეღო.

"სანამ ბიზნესს დავიწყებდი, მანამდეც და შემდეგაც, არ მახსოვს, ბიზნესს რამე საკითხზე მასობრივად კრიტიკული აზრი გამოეთქვას. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბიზნესი კმაყოფილია. უბრალოდ, ქვეყანაში დანერგილია შიში, რომ ბიზნესი უნდა იყოს ჩუმად და არაფერზე ჰქონდეს პოზიცია.

ბოლო დროს შეიმჩნეოდა, რომ ბიზნესმენების ნაწილმა ეს შიში გადალახა და პოზიციას ღიად აფიქსირებდა. სახელმწიფომ, ალბათ, სწორედ ამიტომ ჩათვალა საჭიროდ, მოეხდინა პრევენცია და ამ კანონით გაეჩუმებინა სექტორი, თორემ აბსოლუტურად ყველა უკმაყოფილოა და ამას პირად საუბრებში გამოხატავენ კიდეც", - აცხადებს გიორგი ფუტკარაძე.

"რეფორმერის“ დამფუძნებელი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის ხერხემალია და მას, როგორც გადასახადების გადამხდელსა და დამსაქმებელს, სამოქალაქო პოზიციის გამოხატვის სრული უფლება აქვს.

"მე არც პოლიტიკოსი ვარ და არც სამოქალაქო აქტივისტი. მე ვარ უბრალოდ მოქალაქე, ბიზნესმენი - ვიხდი გადასახადებს, მყავს დასაქმებული ადამიანები და არავის მივცემ უფლებას, მიკარნახოს ან ჩემ ნაცვლად გადაწყვიტოს, ჩემი ბიზნესის თუ პირადი სახელით რას ვიტყვი, თუკი ამით სხვა ადამიანებს არ ვაზიანებ. ბიზნესი ეკონომიკის ხერხემალია და ვის რა უფლება აქვს, გადამიწყვიტოს, ვის დავუჭერ მხარს ან ვის გავაკრიტიკებ?!" - აცხადებს მეწარმე.

გიორგი ფუტკარაძე სხვებსაც - ბიზნესასოციაციებსა და სამოქალაქო საზოგადოებას - მოუწოდებს, გაერთიანდნენ ამ სამართლებრივი დავის გარშემო, რადგან სჯერა, რომ თავისუფალი მოქალაქე და თავისუფალი ბიზნესი არის თავისუფალი სახელმწიფოს საძირკველი.

"უაღრესად მნიშვნელოვანია მოვისმინოთ საკონსტიტუციო სასამართლოს სამართლებრივი პოზიცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და ეს პროცესი ისტორიას შემოვუნახოთ. ამ პროცესში ჩემ გვერდით არიან თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია • Free Business Association და ადვოკატი ვასილ ჟიჟიაშვილი", - აცხადებს ბიზნესმენი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები