"ოცნების" პრემიერი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ 4 ოქტომბერს დაანონსებული მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს. მან ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„როგორც მოგეხსენებათ, რადიკალურმა პოლიტიკურმა ძალებმა ხვალ დააანონსეს მიტინგი, რომლის გაცხადებული მიზანია, დაამხონ ან ძალადობით შეცვალონ საქართველოს კონსტიტუციური წყობილება. ამ მიტინგის ორგანიზებაზე პასუხისმგებლობა აიღეს ან/და მის გაცხადებულ მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს „ერთიანობა ნაციონალურმა მოძრაობამ“, „ახალმა“, „ლელომ“ და რამდენიმე შედარებით მცირე პოლიტიკურმა პარტიამ. გარდა ამისა, მიტინგსა და მის მიზანს მხარდაჭერა გამოუცხადეს მთელმა რიგმა რადიკალურმა და ექსტრემისტულმა ორგანიზაციებმა და დაჯგუფებებმა, რომელთა უდიდესი ნაწილი უცხოური წყაროებიდან ფინანსდება.
თავისთავად ცხადია, რომ მიტინგის მიზანი არა მხოლოდ არაკონსტიტუციურია, არამედ მისი აღსრულების ნებისმიერ მცდელობასაც სისხლის სამართლის დანაშაულის კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისივე თქმით, მიტინგის წინასწარ გაცხადებული მიზნიდან გამომდინარე, მისი მონაწილეების მხრიდან განხორციელებულ ნებისმიერ ძალადობრივ აქტს მიესადაგება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის იმაზე მკაცრი მუხლები, ვიდრე შარშანდელი მიტინგების დროს გამოვლენილ მოძალადეებს შეეფარდათ.
„შესაბამისად, თუ ამ უკანასკნელთ შარშან განხორციელებული ძალადობრივი აქტების გამო 2-დან 4.5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ, ხვალ ძალადობრივი დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეფარდებული სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი შეიძლება იყოს. აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ პასუხისგებაში მიეცა ერთ-ერთი პირი, რომელმაც საარჩევნო უბნების დარბევის მუქარის შემცველი ვიდეომიმართვა გაავრცელა. ყველას მინდა შევახსენო, რომ ამ კატეგორიის დანაშაულისთვის სისხლის სამართლის კოდექსი 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
2012 წლის შემდეგ, საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო და აქ ყველას აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლება. თუმცა, კიდევ ერთხელ ვაფრთხილებთ ყველას, რომ ნებისმიერ ძალადობას უმკაცრესი კანონისმიერი პასუხი გაეცემა. მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას და სხვა გაერთიანებას, ვიდრე ჯერ კიდევ არის დრო, ქმედითად გაემიჯნონ შეკრებას, რომლის მიზანი საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლაა. ყველას მინდა შევახსენო, რომ დღეს საქართველო, მისი კონსტიტუციური სისტემა და სახელმწიფო ინსტიტუტები, მათ შორის სამართალდამცავი სტრუქტურები არის ძლიერი და ერთ მუშტად შეკრული, როგორც არასდროს. აქედან გამომდინარე, არავის ვურჩევთ, გარისკოს და დაუპირისპირდეს სახელმწიფო სისტემას და კანონს, რომლისგანაც ყველა სამართალდამრღვევი უმკაცრეს პასუხს მიიღებს. საქართველო განაგრძობს მშვიდობიან და სტაბილურ განვითარებას, რაზეც საქართველოს მთავრობა და მისი თითოეული უწყება სრულ პასუხისმგებლობას ვიღებთ,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
კითხვაზე, თუ რა ინფორმაციას ეყრდნობა მისი განცხადება, კობახიძემ აღნიშნა, რომ აქცენტი უნდა გავაკეთოთ საჯარო მოწოდებებზე, რომლის თანახმად, ხვალინდელი აქციის გაცხადებული მიზანია დაუპირისპირდნენ კონსტიტუციურ წყობილებას და სცადონ კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა.
"ამაზე ღიად საუბრობენ შესაბამისი პარტიების ლიდერები და სხვა პირები, რომლებიც არიან ჩართულნი ამ აქციის ორგანიზებაში. რაც შეეხება საჯარო განცხადებებს, ეს განცხადებები უკვე თავისთავად არის არაკონსტიტუციური, გულისხმობს არაკონსტიტუციური მიზნის მიღწევის მცდელობას თავისი შინაარსით. ამასთან ერთად, ჩვენ გვაქვს მრავალი ოპერატიული ინფორმაცია. თუ საუბრობენ სიურპრიზებზე, ნებისმიერ პატარა სიურპრიზს დახვდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. ეს სიურპრიზი დახვდებათ მათ კანონის ფარგლებში, მაგრამ, კანონი მათ მიმართ იმოქმედებს ძალიან მკაცრად“, - განაცხადა კობახიძემ.




























