მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„არავითარი პრობლემა ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხის არ არსებობს“ - ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია

ხორბალი

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია საქართველოში ხორბლის ბაზარზე არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში ხორბლით მომარაგება შეფერხებების გარეშე მიმდინარეობს. ამასთან ქვეყანაში არსებული ხორბლის 2-თვიანი მარაგები გაეროს რეკომენდაციებთანაა შესაბამისობაში.

„გვსურს, გამოვეხმაუროთ ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციებს იმის შესახებ, რომ თითქოს რუსეთიდან ხორბლის იმპორტის შეფერხების შემთხვევაში, ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოების კუთხით შესაძლოა პრობლემები შეიქმნას, რადგან ხორბლის მოწოდების ძირითადი წილი ამ ქვეყნიდან ხორციელდება.

საქართველოს ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით არავითარი პრობლემა ქვეყნის ხორბლით მომარაგების კუთხის არ არსებობს და ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოება სრულად არის დაცული, არსებული 2 თვიანი მარაგები შესაბამისობაშია გაეროს რეკომენდაციებთან და უზრუნველყოფილია წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობაზე დაყრდნობით.

კერძოდ:

- საქართველოს წისქვილკომბინატებსა და ელევატორებში არსებობს 2 თვის მოხმარების სასურსათო ხორბლის მარაგები, რომელიც ხარჯვის პარალელურად მუდმივად ივსება და ეს უწყვეტი პროცესია.

- ქართველ ფერმერებთან დამატებით ინახება დაახლოებით 1 თვის მოხმარების სასურსათო ხორბალი.

- ხორბლის ფასი მსოფლიო და რეგიონულ ბაზრებზე სტაბილურია.

- ქვეყანაში შეუფერხებლად და საკმარისი რაოდენობით ხორციელდება ხორბლის და ფქვილის იმპორტი.

- რაც შეეხება უმეტეს წილად ხორბლის და ფქვილის რუსეთიდან შემოსვლას, დღეს რუსეთიდან ხორბლისა და ფქვილის იმპორტი ხორციელდება პროდუქციის ყველაზე დაბალი ფასის გამო. გარდა რუსეთისა მუდმივი კონტაქტი და მონიტორინგი გვაქვს მინიმუმ 3 ახლომდებარე ალტერნატიულ ქვეყანასთან-რუმინეთი, უკრაინა და ყაზახეთი. თუმცა დღესაც და ბოლო წლების განმავლობაში ეს ბაზრები შედარებით უფრო მაღალ ფასს გვთავაზობენ (შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენს რუსეთთან ხორბლის ტრანსპორტირების სიძვირე).

- წისქვილკომბინატების სტაბილური მუშაობის პირობებში არც დღეს და არც შემდგომში არავითარი პრობლემა ხორბლით ქვეყნის მომარაგების კუთხით არ არსებობს, რადგან წისქვილკომბინატების მუშაობის ბიზნესპროცესები თავის თავში გულისხმობს ხორბლის ფქვილად გადამუშავების (ხარჯვის) პარალელურად გარდამავალი მარაგების მუდმივ შევსებას (მოქმედებს 3-კომპონენტიანი უწყვეტი მომარაგების სქემა: წისქვილში არსებული ხორბლის გადამუშავება ფქვილად -გზაში მომავალი ხორბალი - ახალი ხორბლის პარტიის შესაძენად კონტრაქტის დადება)“, - განმარტავენ საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში.

გაერთიანებაში იმასაც ამბობენ, რომ ზემოთ აღნიშნული სქემით ნებისმიერი შეფერხების შემთხვევაში, ხდება სხვა ალტერნატიულ ბაზრებზე მყისიერი გადასვლა და ბაზრის ავტომატური დივერსიფიცირება, რაზეც საკმარისზე მეტი დრო არსებობს(ხორბლის 2 თვიანი მარაგის ხარჯზე).

„აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ წისქვილკომბინატების ინდუსტრიის სტაბილური და შეუფერხებელი მუშაობა დღევანდელ სიტუაციაში სრულად არის უზრუნველყოფილი დამაბალანსებელი მოსაკრებლით ხორბლის იმპორტზე, რომელიც თავისი არსით ათანაბრებს ხორბლისა და ფქვილის იმპორტის დაბეგვრის რეჟიმებს და არც ერთ შემთხვევაში არ წარმოადგენს რაიმე სახის უპირატეს რეჟიმს წისქვილკომბინატების სასარგებლოდ ფქვილის იმპორტიორებთან მიმართებით.

საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია აღნიშნავს, რადგან საკითხი ხორბლის ბაზარზე არსებული მდგომარეობის და სასურსათო უსაფრთხოების კუთხით მუდმივად წარმოადგენს მაღალ საზოგადოებრივ ინტერესს, რომ საერთაშორისო და საქართველოს ბაზარზე არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე საქართველოს ბაზარზე უახლოესი თვეების განმავლობაში მდგომარეობა იქნება სტაბილური“, - აღნიშნულია გაერთიანების განცხადებაში.

ასოციაცია, ტრადიციულად შემდგომშიც პერიოდულად გამოაქვეყნებს ინფორმაციას ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები