ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ პროდუქციის მთავარ იმპორტიორ ბაზარზე, რუსეთში არსებული გამოწვევების მიუხედავად, საქართველოში ხორბლის დეფიციტი და ფასების ზრდა მოსალოდნელი არაა.
როგორც ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა, რუსეთში არსებული საწვავის დეფიციტის მიუხედავად, დიდ კომპანიებს წინასწარ აქვთ მომარაგებული დიზელი, შესაბამისად, მოსავლის აღებას ამ მიმართულებით პრობლემები არ უნდა შეექმნას.
ამასთან, ლევან სილაგავას თქმით, მართალია აზოვის ზღვაზე გემების გადაადგილება შეზღუდულია, თუმცა საქართველოში რუსეთიდან ხორბალი ძირითადად სამანქანო და სარკინიგზო გზით შემოდის. ლევან სილაგავა ამბობს, რომ პარალელურად ამისა, საქართველოში უკვე დაწყებულია ადგილობრივი ხორბლის მოსავლის ჩაბარების პროცესი და მოლოდინია, რომ წელს მოსავალი 200 ათასი ტონის ფარგლებში იქნება, საიდანაც 100 000 ტონა სასურსათოა.
“რუსეთიდან შემოგვაქვს ხორბალი, რეალურად ეს არის ყველაზე იაფი ხორბალი, არა მარტო ჩვენთვის, 126 ქვეყანას გააქვს ბოლო მონაცემებით მსოფლიოში რუსული ხორბალი და ლოგისტიკურად ჩვენთვის ეს უფრო ხელმისაწვდომია. თუმცა ბაზრები ღიაა, დეფიციტი არცერთ ვარიანტში არ იქნება. ერთი არის ლოგისტიკური პრობლემები და ეს გამოწვეულია აზოვის ზღვის ჩაკეტვით. რამდენიმე გემი დაზიანდა უკრაინული დრონების შედეგად და რუსეთმა ჩაკეტა აზოვის ზღვა, შესაბამისად ამან ხორბლის ფასი გაზარდა. თუმცა ჩვენ ორი შემოსასვლელი გვაქვს კიდევ, სამანქანო და სარკინიგზო და ჩვენი მიმართულებით უფრო დატვირთული ეს მიმართულებები. შესაბამისად, ჩვენთან ეს გამოწვევა აქტიურად დღესდღეობით არ დგას.
მეორე საკითხი ეს არის საწვავი. საწვავის საკითხი რუსეთში საკმაოდ სერიოზულად დგას მთლიანობაში. თუმცა აქაც სტრუქტურა ასე მოწყობილი - მათ დიდი ჰოლდინგები აქვთ და ჰოლდინგები ემზადებიან ხოლმე თვითონ მოსავლის ასაღებად დაახლოებით სამი თვით ადრე, იმარაგებენ საწვავს და შემდეგ მარაგს ანაწილებენ. კრიზისი თვე-თვენახევრის წინ დაიწყო ნავთობზე და შესაბამისად, ჰოლდინგებს მარაგები აქვთ. დაახლოებით 20%-ია კიდევ, რომელიც პირდაპირ ყიდულობს საწვავს და ისე იღებს მოსავალს.
ფასთან მიმართებაშიც პრინციპში იგივეა, მსოფლიო ბაზრებზე აიწია [ხორბლის] ფასმა, მაგრამ რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს, ამან ჩვენზე უფრო დადებითად იმოქმედა, ვიდრე უარყოფითად. იმიტომ რომ როდესაც რუსეთს ზღვით გატანის პრობლემა დაუდგა, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ხორბალი, ფაქტობრივად ჩარჩა რუსეთში და ეს არის ჩვენს მომიჯნავე რეგიონში, რომელიც საექსპორტო რეგიონებია – სტავროპოლი, კრასნოდარი და ჩრდილოეთ ოსეთი. აქედან გამომდინარე, დაწოლა ფასებზე ხორბლის აღებასთან ერთად, ძალიან სერიოზულია, ბუნებრივია ამ ფაქტორების ერთობლიობა გვიბიძგებს იქითკენ, რომ არც ფასთან და არც ლოგისტიკასთან მიმართებაში ჩვენი მხრივ გამოწვევა არ იქნება. ყველაზე ცუდ ვარიანტში რომ მოხდეს, ძალიან ცუდი სცენარი რომ წარმოვიდგინოთ, შესაძლებელია ჩვენ სხვა ქვეყნებზე გადავერთოთ, ეს არის მაგალითად ყაზახეთი, ევროკავშირის ქვეყნები.
ამასთან, ადგილობრივი ქართული მოსავალი მოგვდის ახლა, შესაბამისად ფიზიკურად ეს ხორბალი საქართველოშია და აქედან გამომდინარე, საქართველოში ამ გამოწვევებს არ ველოდებით”, - განაცხადა ლევან სილაგავამ.




























