თბილისის მერმა დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე გლდანის თეთრი ტბაზე არსებულ მძიმე მდგომარეობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ გასხვისების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესწავლის შემდეგ, ინვესტორისთვის ტერიტორიის შესაძლო ჩამორთმევა განიხილება.
აღნიშნულ საკითხზე BMG ბიზნესმენ ნატალია კვანტალიანს დაუკავშირდა, რომელმაც გლდანის ტბა 2008 წელს შეისყიდა და მისივე თქმით, მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტიც განახორციელა. ჩვენთან საუბრისას კვანტალიანი აცხადებს, რომ როგორც კერძო შემსყიდველს, ტბასთან დაკავშირებით მას ვალდებულებები არ ჰქონია.
“2008 წლიდან ვარ ტბის მიმდებარე ტერიტორიის კეთილსინდისიერი შემსყიდველი, განვახორციელე საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია და რამდენიმე პროექტი, მაგრამ თვითონ ტბა, წყალი არ შემიძენია. 17 კერძო მოსახლისგან შევიძინე ტერიტორია, რომლის რეკრეაციულ, დასასვენებელ კომპლექსად მინდოდა გამეკეთებინა. ტბას ვერ შევიძენდი, რაც მას ემიჯნება, მისი მიმდებარე ტერიტორია - ის შევიძინე”, - ამბობს ნატალია კვანტალიანი.
მისივე თქმით, ტბის მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაში დიდი ინვესტიციაა ჩადებული, თუმცა ტბის მიმდებარედ საცხოვრებელი კორპუსების აშენება არასდროს იგეგმებოდა და მოსახლეობა შეცდომაში იყო შეყვანილი.
“ძალიან სოლიდური ინვესტიცია მაქვს განხორციელებული, გავიყვანეთ და მოვაწესრიგეთ კომუნიკაციები. ადამიანები, ვინც პროექტის წინააღმდეგ აქციებს მართავდნენ, შეცდომაში იყვნენ შეყვანილი, არც ერთი ჩემი პროექტი კორპუსებს არ მოიცავდა. სამი არქიტექტორი გამოვიცვალე, რომლებიც მუშაობდნენ ტბაზე, არც ერთთან კორპუსის ხსენება არ ყოფილა”, - ამბობს კვანტალიანი.
ბიზნესვუმენი გლდანის ტბის განვითარებაში ჩადებული ინვესტიციის მოცულობას არ აკონკრეტებს, თუმცა აღნიშნავს, რომ 15 წლის განმავლობაში ტერიტორიაზე პროექტები ყოველგვარი ვალდებულების გარეშე განახორციელა და ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია.
თბილისის მერია გლდანის თეთრი ტბის მდგომარეობის კვლევაზე ტენდერს აცხადებს