მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თბილისის მერია გლდანის თეთრი ტბის მდგომარეობის კვლევაზე ტენდერს აცხადებს

თბილისის მერია
BM. GE
01.11.23 12:50
27

თბილისის მერია გლდანის თეთრი ტბის მდგომარეობის კვლევაზე ტენდერს აცხადებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა და გლდანის თეთრი ტბის გაუარესებულ მდგომარეობაზე ისაუბრა.

მისივე თქმით, ტბის სივრცე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გასხვისდა, კერძო მესაკუთრეს კი ტბის განვითარებისთვის არაფერი გაუკეთებია.

თბილისის მერმა ეკონომიკის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ტბის გასხვისების სამართლებრივი დეტალების შესწავლის დავალება გასცა. ამასთან, განაცხადა, რომ საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, ტბის ეკოლოგიური მდგომარეობის შესასწავლად, თბილისის მერიაში ტენდერი გამოცხადდება.

„აღნიშნული ტბის ეკოლოგიური მდგომარეობა გაუარესებულია. პირველადი მოკვლევის შედეგად შეინიშნება წყლის დონის კლება და წყალმცენარეების ზრდა. აღნიშნული ტერიტორია „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიყიდა. დღეს ეს სივრცე კერძო საკუთრებაა. იქ არაფერი გაკეთებულა, მხოლოდ და მხოლოდ პრობლემებია. აღნიშნული ტბა შრება, წყალმცენარეებით არის სავსე. ჩვენ ვერ დაველოდებით, თუ რას იზამს ინვესტორი, თუმცა ამ საკითხზე მოკვლევას აუცილებლად დავიწყებთ. დაელაპარაკეთ ეკონომიკის სამინისტროს, დეტალები გაიარეთ, რა კრიტერიუმებით იქნა გასხვისებული აღნიშნული ტერიტორია, რა ვალდებულებები იყო. შეიძლება მოგვიწიოს აღნიშნული სივრცის სახელმწიფოსთვის დაბრუნება. არ ვიცნობ ხელშეკრულებას და კონტრაქტს, რა ვალდებულებებით იყო გასხვისებული ეს ტერიტორია, თუმცა რა მდგომარეობაც იქ დღეს არის, კატეგორიულად მიუღებელია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, თბილისის მერია აცხადებს ტენდერს, რის საფუძველზეც ჩატარდება ღრმა კვლევები სამი ძირითადი მიმართულებით. ესენია: ჰიდროლოგია, ნიადაგის მდგომარეობა და ატმოსფერული ჰაერის ხარისხი.

„კვლევების შედეგების მიხედვით, შეფასდება ტბის და მისი მიმდებარე ტერიტორიის ეკოლოგიური მდგომარეობა, ასევე, განისაზღვრება მისი შევსებისა და გაჯანსაღებისთვის საჭირო კონკრეტული ღონისძიებები“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები