მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არბიტრაჟებში სახელმწიფოსთვის მოთხოვნილი კომპენსაცია $500 მილიონით, $3.3 მლრდ-მდე გაიზარდა

არბიტრაჟი

საერთაშორისო საინვესტიციო დავებში საქართველოს წინააღმდეგ მოთხოვნილი კომპენსაციები ერთ წელში 500 მილიონი დოლარით გაიზარდა - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ირკვევა.

2024 წლის ბიუჯეტის ფისკალური რისკების ანალიზის მიხედვით, 11 მსხვილ საარბიტრაჟო დავაში მოთხოვნილი მთლიანი კომპენსაცია 3.3 მილიარდ დოლარს აღწევს. შესაბამისად, იმ შემთხვევაში თუკი მთავრობა ამ დავებს წააგებს, ბიუჯეტს მილიარდობით ლარის (8.9 მლრდ) გადახდა მოუწევს. ეს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტის 12%-ს აღწევს.

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2023 წლის ივლისის მდგომარეობით საერთაშორისო არბიტრაჟებში 11 მიმდინარე, მათ შორის, 3 გასაჩივრებული დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა, დაახლოებით, 3.3 მლრდ აშშ დოლარს (8.94 მლრდ ლარს) შეადგენს, რაც 2022 წლის მშპ-ს 12%-ს შეადგენს და საიდანაც მნიშვნელოვანი წილი ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტთან დაკავშირებულ დავაზე მოდის. უნდა აღინიშნოს, რომ ზოგადად, იმ შემთხვევაშიც თუ ასანაზღაურებელი დავის თანხის მოცულობა მოთხოვნილზე ბევრად ნაკლებია, მსხვილი და მასშტაბური სასამართლო დავის წაგება წარმოადგენს შემთხვევას, რომელიც არ შეიძლება დარჩეს ყურადღების მიღმა.

რაც შეეხება საერთაშორისო არბიტრაჟებში საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წარმოებული დასრულებული დავების სტატისტიკას (4 დავა), 2 დავა დასრულდა სახელმწიფოს გამარჯვებით, 1 დავა - სახელმწიფოს ნაწილობრივი გამარჯვებით (თითოეულ მხარეს დაეკისრა კომპენსაციის გადახდა), 1 დავა დასრულდა მოსარჩელის გამარჯვებით. საქართველოს მთავრობა ყოველწლიურად გამოყოფს ასიგნებებს შესაძლო წაგებული საქმეებისთვის. გასულ წლებში წაგებული გადახდილი ფაქტობრივი თანხის ოდენობა იყო არაარსებითი, მეორე მხრივ, ეს სტატისტიკა არ წარმოადგენს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ შემდგომ წლებში ამ მიმართულებით ხარჯები ასეთივე არარსებითი იქნება.

მოსალოდნელია სასამართლო დავებზე ფაქტობრივად გადახდილი თანხების ზრდადი ტენდენციის შენარჩუნება”, - წერს ფინანსთა სამინისტრო.

იუსტიციის სამინისტრო მიმდინარე საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე მილიონობით ლარს ხარჯავს. 2023 წელს ეს 70 მილიონი ლარია, 2024 წლის ბიუჯეტის პროექტით კი ამ მიმართულებით 58 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული. მათ შორის ყველაზე მეტი თანხა საერთაშორისო იურიდიულ ფირმა White & Case-ზე მოდის. 2020 წლის შემდეგ ამ კომპანიას ბიუჯეტმა 120 მილიონი ლარი გადაუხადა, რაც მთლიანი იურიდიული ხარჯების ნახევარია.

White & Case-ზე არბიტრაჟების იურიდიული ხარჯების ნახევარზე მეტი მოდის, მათ გარდა საქართველოს მთავრობას სხვა საერთაშორისო იურიდიული კომპანიებიც ჰყავს დაქირავებული, ესენია Dechert-ი (გადახდილია 17 მლნ ლარი), AARPI Gaillard Banifatemi (25 მლნ ლარი), Shearman & Sterling-ი (გადახდილია 1 მლნ-ზე მეტი).

რა საქმეებზე მუშაობენ მთავრობის მიერ დაქირავებული უცხოელი იურისტები:

  • „ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;
  • „მაგთის“ მფლობელი კომპანიების – TELCELL WIRELESS LLC და INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC საქართველოს წინააღმდეგ” – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი;
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” საქართველოს წინააღმდეგ” – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარი;
  • „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” ინვესტორის ბობ მეიერის დავა – სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 64 მილიონი დოლარი;
  • „ნასიბ ჰასანოვი (Nasib Hasanov) საქართველოს წინააღმდეგ“ – ამ დავაში ტრიბუნალი აფასებს, მიაყენა თუ არა საქართველოს მთავრობამ „კავკასუს ონლაინის” ინვესტორს $200 მილიონი დოლარის ფინანსური ზარალი.

2023 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ საქართველომ წააგო მრავალწლიანი დავა რუსულ ენერგოგიგანტ Inter Rao-სთან, რომლის ფარგლებშიც ქვეყანას 76 მილიონი დოლარის კომპენსირება დაევალა. თუმცა, მთავრობის განცხადებით, ამ საქმეზე იურიდიული წარმოება სრულად დასრულებული არაა.

როგორც BMG-სთვის არის ცნობილი, 2023 წელს დაწყებული ერთ-ერთი დავა შვეიცარიელ ინვესტორს რონალდ ვოლდმენს და შპს “ბაზელს” უკავშირდება. ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი მსოფლიო ბანკთან არსებული საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეიტანა.

ამასთან, 2022 წელს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ პარიზის საარბიტრაჟო ტრიბუნალში შეიტანა განაცხადი. ამ დროისთვის უცნობია, რა არის დავაში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჰესის საინვესტიციო მოცულობა $800 მილიონს შეადგენდა, სავარაუდოდ ENKA-ს მიერ მოთხოვნილი თანხაც, ასობით მილიონი დოლარი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები