საქართველოს წინააღმდეგ საინვესტიციო საარბიტრაჟო დავების რაოდენობა მზარდია - მსოფლიო ბანკთან არსებულ საინვესტიციო დავების გადაწყვეტის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შევიდა მირიან დეკანოიძისა და კომპანია T.G. Trade-ის სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ. სარჩელის შესახებ ICSID-ის ვებგვერდზე დამატებითი ინფორმაცია წარმოდგენილი არაა, თუმცა ის სავარაუდოდ წინა ხელისუფლების დროს ვაგონშემკეთებელი ქარხნის წილების გადაფორმების საქმეს უკავშირდება.
ივნისში კი საქართველოს წინააღმდეგ კიდევ ერთი საარბიტრაჟო დავა შევიდა, სადაც მოპასუხეები Basel LLC და რონალდ ვოლდმენი იყვნენ.
მიმდინარე წლის თებერვალში კი გამოქვეყნდა განაჩენი საქმეზე Inter Rao საქართველოს წინააღმდეგ, სადაც ქვეყანას რუსული ენერგოგიგანტის წინააღმდეგ 76 მილიონი დოლარის გადახდა დაეკისრა. თუმცა, შემდეგ მთავრობამ განაცხადა, რომ ისინი ამ საქმეზე იურიდიულ მოქმედებებს გააგრძელებდნენ.
უცნობია რამდენი მილიონი დოლარია ამ დავებში მოთხოვნილი კომპენსაცია, თუმცა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანახმად, სხვა დანარჩენ დავებში მოსარჩელე მხარეები საერთო ჯამში 2.9 მილიარდ დოლარს მოითხოვდნენ.
“ფისკალური რისკების ერთ-ერთ წყაროს ასევე წარმოადგენს საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებიდან მომდინარე რისკები. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის რეკომენდაციით 2022 წლიდან ფინანსთა სამინისტრომ დაიწყო საერთაშორისო საარბიტრაჟო დავებიდან მომდინარე ფისკალური რისკების ანალიზი და შეფასება. 2022 წლის ბოლოს საერთაშორისო არბიტრაჟში შვიდი მიმდინარე დავის ფარგლებში სადავო თანხის პოტენციური მაქსიმალური ოდენობა 2.9 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა,”- ნათქვამი იყო აუდიტის დასკვნაში.
BMG-იმ იუსტიციის სამინისტროსგან გამოითხოვა ინფორმაცია კონკრეტულ მიმდინარე დავებში მოთხოვნილი კომპენსაციების შესახებ:
• “ზაზა ოქუაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $328.2 მილიონი დოლარი;
• მაგთის მფლობელი კომპანიების - „TELCELL WIRELESS LLC“ და „INTERNATIONAL TELCELL CELLULAR LLC“ საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია $154 მილიონი დოლარი;
• “ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" საქართველოს წინააღმდეგ - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 1.62 მილიარდი დოლარი;
• "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ინვესტორის ბობ მეიერის დავა - სარჩელით მოთხოვნილი კომპენსაცია 64 მილიონი დოლარი.
ამასთან, 2022 წელს ნამახვანჰესის ინვესტორმა კომპანია ENKA-მ პარიზის საარბიტრაჟო ტრიბუნალში შეიტანა განაცხადი. ამ დროისთვის უცნობია, რა არის დავაში მოთხოვნილი კომპენსაციის მოცულობა, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ ჰესის საინვესტიციო მოცულობა $800 მილიონს შეადგენდა, სავარაუდოდ ENKA-ს მიერ მოთხოვნილი თანხაც, ასობით მილიონი დოლარი იქნება.
რატომ მიდიან ინვესტორები არბიტრაჟში?
როგორც წესი, საარბიტრაჟო დავები მსხვილ საინვესტიციო პროექტებს უკავშირდება. მათში ხშირ შემთხვევაში მოსარჩელეს უცხოური კომპანიები წარმოადგენენ. ამ ინვესტორებს არბიტრაჟისადმი მიმართვის შესაძლებლობას საერთაშორისო კანონმდებლობა და საქართველოს მიერ გაფორმებული ორმხრივი ხელშეკრულებები აძლევს.
მაგალითად, საქართველოს აქვს ინვესტორთა უფლებების დაცვის ორმხრივი ხელშეკრულებები აშშ-სთან, ნიდერლანდებთან, აზერბაიჯანთან და სხვა ქვეყნებთან. მათ შორის ზოგიერთი ასეთი ხელშეკრულება თავისი შინაარსიდან გამომდინარე უფრო ფართოა და ინვესტორებს მეტ უფლებებს ანიჭებს.
ოფშორები და შუამავალი კომპანიები ამ მხრივ ვითარებას კიდევ უფრო მეტად ართულებენ და პოტენციურად სარისკოს ქმნიან. მაგალითად, რუსული ენერგოგიგანტი Inter Rao საქართველოს წინააღმდეგ ჰოლანდიელი ინვესტორის სტატუსით დავობდა. ამის მიზეზია ის გარემოება, რომ კომპანია საქართველოში ჰოლანდიური შვილობილი კომპანიის Silk Road Holdings B.V.-ის მეშვეობით ოპერირებს. ზოგიერთ შემთხვევაში მომჩივანი ქართველი ინვესტორია, ხოლო საქმეს არბიტრაჟი განიხილავს იმიტომ, რომ ინვესტორი ოპერაციებს ოფშორული ზონის იურიდიული პირით ახორციელებდა. შესაბამისად, ქაღალდზე დავა პანამელ, ამერიკელ ან კაიმანელ ინვესტორთან მიმდინარეობს.
მსხვილ საინვესტიციო პროექტებში როგორიცაა ახალი აეროპორტის, პორტის თუ ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა, მთავრობასა და ინვესტორებს შორის გაფორმებულ ხელშეკრულებებსა და მემორანდუმებში ყოველთვის არის მუხლი იმის თაობაზე, რომ მხარეები თანხმდებიან რომ სადავო საკითხები საერთაშორისო არბიტრაჟის გზით გადაჭრან. ხშირ შემთხვევაში მითითებულია კიდეც რომელი საარბიტრაჟო იურისდიქცია უნდა იყოს ასეთი დავების განხილვის სივრცე, იქნება ეს ICSID-ი, სტოკჰოლმის ტრიბუნალი, ICC-ის არბიტრაჟი თუ სხვა.
ათობით მილიონი ლარი იურისტების დაქირავებისთვის
საქართველოს მთავრობა ამ საარბიტრაჟო დავებში იურისტების დაქირავებაზე მილიონობით ლარს ხარჯავს. მათ შორის ყველაზე ძვირად ღირებული კონტრაქტები საერთაშორისო იურიდიულ ფირმა White & Case-თან არის გაფორმებული, რომლებშიც იუსტიციის სამინისტრომ 2020 წლის შემდეგ 120 მილიონი ლარი გადაიხადა. იურიდიული ფირმა AARPI-ის სერვისებში 25 მილიონი ლარი, Dechert-ის დაქირავებაში კი 17 მილიონი ლარი არის გადახდილი.
მხოლოდ 2023 წელს ამ სერვისებში გადახდილი თანხა 70 მილიონი იქნება, მომდევნო წლის ბიუჯეტით კი დამატებით 58 მილიონი ლარი არის გათვალისწინებული.