მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Archer Aviation-მა აშშ-ში მფრინავი ტაქსების სერვისის ამოქმედებაზე შუალედური დასტური მიიღო

Archer Aviation

სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრით შთაგონებული ფუტურისტული მომავალი, რომელსაც ამ დრომდე, უმეტესწილად, ჰოლივუდის წარმოების ფილმებში ვხედავდით, შესაძლოა, რეალობისგან არც ისე შორს იყოს. ამ დასკვნის გამოტანის საშუალებას ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) უახლესი გადაწყვეტილება იძლევა, რომლითაც ამერიკულმა Archer Aviation-მა მარეგულირებლისგან აშშ-ში საჰაერო ელექტროტაქსების სერვისის და ე.წ. “მფრინავი ტაქსების” შეკეთების ლიცენზიები მიიღო.

აღნიშნული დასტური, მართალია, შუალედურია და კომპანიას ქვეყნის თავზე მფრინავი ავტომობილებით ადამიანების გადაყვანის უფლებას არ აძლევს, მაგრამ დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს FAA-ის სრული ლიცენზიისკენ გადადგმული ძალიან დიდი ნაბიჯია. ტექნიკური კვლევების დასაწყებად ამერიკულ კომპანიას სულ მცირე ერთი დამატებითი ლიცენზია სჭირდება, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ Archer Aviation-ის მიერ წარმოებულ საჰაერო ელექტროტაქსის, Midnight-ს უნდა მიანიჭოს, ანუ დაადასტუროს, რომ ეს საჰაერო ხომალდი სრულ თანხვედრაშია შესაბამის სტანდარტებთან.

ამ ეტაპზე, Archer Aviation-ის ანგარიშში მხოლოდ ერთი მოდელი, Midnight-ი ირიცხება, რომელიც ვერტიკალურად ასაფრენ-დასაჯდომი თვითმფრინავია. Midnight-ი მბრუნავი მზიდი ხრახნითაა აღჭურვილი, რაც ნიშნავს, რომ ის ვერტმფრენივით ფრინდება და ჯდება, მაგრამ თვითმფრინავივით გადაადგილდება. კონკრეტულად ამ მოდელის საჰაერო ტაქსიში ოთხი მგზავრი და მძღოლი ეტევა, ხოლო თავად ელექტროტაქსი, ელემენტების სრული დამუხტვით, მაქსიმუმ 160 კილომეტრს გადის, რა დროსაც 240 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია.

თავად Archer Aviation-ი 2018 წელს დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა და მალევე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაილისტა. 2021 წელს, Archer Aviation-ის ინვესტორებს შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია, United Airlines-ი გამოჩნდა, რომელმაც კომპანიას 200 საჰაერო ტაქსის დამზადება დაავალა, რისთვისაც კომპანიებს შორის $1-მილიარდიანი გარიგება გაფორმდა. მოგვიანებით, Archer Aviation-მა კიდევ ერთი საინტერესო კონტრაქტი გააფორმა და საჰაერო ტაქსების წარმოება ჰოლანდიურ ჰოლდინგ Stellantis-ს გადააბარა.

თუმცა გვერდში მდგომი მდგრადი პარტნიორის მიუხედავად, Archer Aviation-ის საბაზრო დინამიკა არც თუ ისე დამაიმედებელია. ბოლო ერთი თვის განმავლობაში, კომპანიის აქციის ფასები თითქმის 10%-ით არის შემცირებული, ექვსთვიან პერიოდში კი - კლება 50%-ზე მეტია. პიკური მაჩვენებელი Archer Aviation-მა 2021 წლის თებერვალში დააფიქსირა, როცა კომპანიის ერთი აქცია $16-ად ივაჭრებოდა. მას შემდეგ, კომპანიის აქციები თითქმის 80%-ითაა გაუფასურებული.

კონკრეტულად როდის გამოჩნდება საჰაერო ელექტროტაქსები ამერიკის შეერთებულ შტატებში რთული სათქმელია, რადგან ამ ტიპის ხომალდისთვის ლიცენზიის მინიჭებას პარადიგმული ცვლილება სჭირდება, რომელიც აშშ-ის ავიაციის ფედერალურმა ადმინისტრაციამ უნდა გაიაროს. ცოტა ხნის წინ, FAA-მ ამ ტიპის საჰაერო ხომალდები საწეველების კატეგორიაში გაიყვანა და არა თვითმფრინავების, ანუ მათ დასარეგულირებლად ახალი საკანონმდებლო ჩარჩო უნდა შეიქმნას, რასაც საუკეთესო ვარიანტში, სულ მცირე რამდენიმე წელიწადი დასჭირდება. არადა, რეალურად, eVTOL-ტიპის საჰაერო ხომალდის ყველაზე ახლო ანალოგი ვერტმფრენია, მაგრამ სატრანსპორტო საშუალებისგან განსხვავებით, მფრინავი ელექტროტაქსი გაცილებით ჩუმი და სუფთაა.

ვის რად უნდა მფრინავი ტაქსი?

გამომდინარე იქიდან, რომ ამ ტიპის საჰაერო ხომალდის წარმოება ძალიან ძვირი ჯდება, Archer Aviation-ი და სხვა კომპანიები მას მასობრივად ვერ აწარმოებენ. შედეგად, მფრინავი ტაქსი დაახლოებით ისეთივე ფუფუნების საგანი იქნება, როგორიც მაგალითად, ვერტმფრენი, რომელსაც მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილი მოკლე მანძილებზე გადაადგილებისთვის იყენებს. გამომდინარე იქიდან, რომ eVTOL-ტიპის ხომალდი ვერტმფრენივით დაფრინავს, მაგრამ თან ნაკლებად ხმაურიანი და მეტად სუფთაა, შესაძლოა, მდიდარმა ადამიანებმა ქალაქში გადაადგილებისთვის სწორედ ის აირჩიონ.

ცნობისთვის გეტყვით, რომ საჰაერო ელექტროტაქსების შექმნაზე აშშ-ში ერთბაშად რამდენიმე კომპანია მუშაობს. Archer Aviation-ის გარდა, ამ ტიპის ტექნოლოგიის განვითარებით Joby Aviation-ი, Volocopter-ი და Beta Technologies-ი ინტერესდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები