ამერიკულმა ტექნოლოგიურმა კომპანია Archer Aviation-მა, რომელიც ე.წ. “მფრინავი ტაქსების” ბიზნესში ოპერირებს, აშშ-ის საავიაციო მარეგულირებლის დასტური მიიღო, რომლის საფუძველზე საპილოტო აკადემიის გახსნა შეუძლია.
FAA-ისგან მიღებული სერტიფიკატით, კომპანიას ე.წ. “მფრინავი ტაქსების” გამოცდა ადამიანების ჩართულობით შეიძლება, რაც დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია, როგორც Archer Aviation-ისთვის, ასევე მთლიანად ინდუსტრიისთვის.
ამ ეტაპზე, Archer Aviation-ის ანგარში მხოლოდ ერთი მოდელი, Midnight-ი ირიცხება, რომელიც ვერტიკალურად ასაფრენ-დასაჯდომი თვითმფრინავია. Midnight-ი მბრუნავი მზიდი ხრახნითაა აღჭურვილი, რაც ნიშნავს, რომ ის ვერტმფრენივით ფრინდება და ჯდება, მაგრამ თვითმფრინავივით გადაადგილდება. კონკრეტულად ამ მოდელის საჰაერო ტაქსიში ოთხი მგზავრი და მძღოლი ეტევა, ხოლო თავად ელექტროტაქსი, ელემენტების სრული დამუხტვით, მაქსიმუმ 160 კილომეტრს გადის, რა დროსაც 240 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია.
თავად Archer Aviation-ი 2018 წელს დაფუძნებული სტარტაპია, რომელიც ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა და მალევე ნიუ-იორკის საფონდო ბირჟაზე დაილისტა. 2021 წელს, Archer Aviation-ის ინვესტორებს შორის მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ავიაკომპანია, United Airlines-ი გამოჩნდა, რომელმაც კომპანიას 200 საჰაერო ტაქსის დამზადება დაავალა, რისთვისაც კომპანიებს შორის $1-მილიარდიანი გარიგება გაფორმდა. მოგვიანებით, Archer Aviation-მა კიდევ ერთი საინტერესო კონტრაქტი გააფორმა და საჰაერო ტაქსების წარმოება ჰოლანდიურ ჰოლდინგ Stellantis-ს გადააბარა.




























