თეთრხალათიანების აქციას რუსული კანონის წინააღმდეგ ქირურგი და ტელეწამყვანი დავით ლოლაძეც უერთდება, რომელიც "TV პირველთან" აღნიშნავს, რომ მოქალაქეებმა, მათ შორის ექიმებმაც, არჩევანი უნდა გააკეთონ რუსეთს ან ევროპას შორის, თუმცა ცოდნა და გამოცდილება, თუ რამდენად ჩამორჩება რუსული მედიცინა დასავლურს - დიდია.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არა მარტო სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, არამედ მთელმა საქართველომ გაიგოს, რომ ჩვენ აზრს ვერ გვაცვლევინებს ვერაფერი, ერთი მარტივი მიზეზის გამო: ამ მდგომარეობაში, ეს კანონი ასეთია, ისეთია, სადაურია - გაცდა განხილვის საგანს.
არჩევანი ასეთია - ან რუსეთი, ან ევროპა - და ეს არჩევანი გასაკეთებელი აქვს მთელ ქართველ ერს, მათ შორის ექიმებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდია გამოცდილება და ცოდნა იმისა, თუ რას ნიშნავს რუსული მედიცინა. ჩემი მასწავლებლები და უფროსი კოლეგები დამეთანხმებიან, რომ, როდესაც ითვლებოდა რუსული მედიცინა ძალიან მაგრად ითვლებოდა, ჯერ კიდევ მაშინ ჩამორჩებოდა დასავლურ მედიცინას 70-ჯერ. ჩვენ იქ ვერ დავბრუნდებით და ვერ დაბრუნდება ეს თაობა, რომელიც მედიცინას თანამედროვე სტანდარტებით სწავლობს. რუსულ მედიცინაში ამ თაობის დაკარგვა ნიშნავს, რომ 5 წლის მერე, შეიძლება, საქართველოს ექიმი აღარ ჰყავდეს. არა ყველაფერ იმას, რაც ჩვენს ქვეყანას დააბრუნებს რუსეთში", - განაცხადა დავით ლოლაძემ.
მისივე თქმით, რუსული კანონი, ამოქმედების შემთხვევაში, ხელს შეუშლის სამედიცინო პრაქტიკის დასავლურ ქვეყნებში მიღებასაც.
"მედიცინა დისტანციურად და შორიდან მოყოლით არ ისწავლება, ერთია, რომ იმეცადინო წიგნებით და მეორეა, რომ ეს ყველაფერი ადგილზე ნახო. ჩვენ თუ შეგვეზღუდება ამ ყველაფრის ადგილზე ნახვის შესაძლებლობა, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენი განვითარებაც შეჩერდება. მარტივი მაგალითი რომ გითხრათ, სამ დღეში მივდივარ ამერიკაში, ამერიკის ონკოლოგთა ასოციაციის კონგრესზე და მე თუ იქ ვერ ჩავალ, შესაბამისად, ვერ ვნახავ, როგორ მუშაობს ეს ასოციაცია, ასე მარტივად", - აცხადებს დავით ლოლაძე.
ამ წუთებში, რუსული კანონის წინააღმდეგ ორი აქცია მიმდინარეობს. ექიმები, რეზიდენტები და ექთნები 9 აპრილის ბაღში იკრიბებიან, სტუდენტების მიერ დაორგანიზებული მარში კი წერეთლის გამზირიდან დაიწყო - 20:00 საათზე პარლამენტის წინ ორივე აქცია გაერთიანდება.