ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია Lineate-ის ვიცე-პრეზიდენტის გიორგი ციკოლიას განცხადებით, არჩევანი, რომელსაც მოსახლეობა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე გააკეთებს, იქნება პასუხი ყველა კითხვაზე. ასე უპასუხა აშშ-ში საქართველოს ყოფილმა დესპანმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას, რომელიც „რუსული კანონის“ ამოქმედების გამო, საქართველოში შექმნილ რეალობას შეეხებოდა - ფაქტია, ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერდა, ხოლო აშშ-მა ორმხრივი თანამშრომლობის გადახედვა დაიწყო.
- საგარეო პოლიტიკური კურსი, რასაც დაადგა საქართველოს ხელისუფლება „რუსული კანონის“ მიღებით, რამე კარგს გვიქადის?
- ყველაფერს საბოლოოდ წყვეტს მოქალაქე და მისი არჩევანი. 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებია. მჯერა, საქართველოში ადამიანს აქვს უფლება, საკუთარი არჩევანი გააკეთოს, გამომდინარე იქიდან, რომელი პოლიტიკური ძალა რას სთავაზობს და რა არის მასთან ახლოს.
- ხელისუფლებებმაც უნდა დაიჯერონ, რომ ძალაუფლების წყარო არის ხალხი...
- ვფიქრობ, 30 წლის განმავლობაში საქართველოში უკვე გავიარეთ არაერთი ეტაპი ქვეყნის განვითარების. საბედნიეროდ, გვაქვს ბევრი მაგალითი, როცა ერთი პოლიტიკური ძალა აგებს, მეორე იგებს. მგონია, რომ ეს ტრადიცია მკვიდრდება და ის არჩევანი, რომელსაც საქართველოს მოსახლეობა გააკეთებს არჩევნებზე, იქნება პასუხი ყველა იმ კითხვაზე, რომელსაც თქვენ მისვამთ.
- ეკონომიკური ბლოკის მინისტრებიც ასე მპასუხობენ ხოლმე - „არჩევნებზე ვაგებთ პასუხსო“ - როცა ვეკითხები, იღებენ თუ არა პასუხისმგებლობას „რუსული კანონის“ გამო...
- დემოკრატიული პროცესია. მგონია, რომ არსებობს ციკლი არჩევნებიდან არჩევნებამდე...