"თითქმის ყველა <ბიზნესმენმა> ვუთხარით პრემიერ-მინისტრს, რომ ზედმეტი ძალა არ გამოიყენონ. იქ ჩვენი შვილები, დები და ძმები დგანან“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ირაკლი კობახიძის და მსხვილის ბიზნესის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომლის ძირითადი თემა ე.წ. „რუსული კანონი“ და მის გამო ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტი იყო.
პრემიერის და ბიზნესმენების შეხვედრა წინა კვირის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციაში შედგა. შეხვედრაზე მიიწვიეს როგორც ე.წ. გამჭვირვალობის მხარდამჭერი ბიზნესმენები, ასევე ისინიც, ვინც მმართველ პარტიას „რუსული კანონის“ მიღების მცდელობის გამო აკრიტიკებს.
ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ ის ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის საფრთხეს ვერ ხედავს და ბიზნესმენების სწორედ ამაში დარწმუნებას ცდილობდა პრემიერ-მინისტრიც.
"გონიერი ადამიანები ხომ ვართ - რას ნიშნავს ეს კანონი?! ჩვენი 35-წლიანი წვალება უნდა გადავაყოლოთ ამ კანონს და ჩვენ ახლა წავალთ რუსეთში?! მე, ლაშა პაპაშვილი წავალ რუსეთში?! რამდენიმე ხნის წინ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი, სადაც რომან გოცირიძე, რომელიც 90-იანებში საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილე იყო, 1992-93 წლების კრიზისს იხსენებს - როგორ შემცირდა მაშინ ეკონომიკა, არც გათბობა გვქონდა, არც წყალი, არც პური... ფილმში რომან გოცირიძე ყვება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში საქართველოს გაწევრინებისთვოს 1 მლნ დოლარი იყო საჭირო, რომელიც არ გვქონდა და ჰოლანდიის მთავრობამ გვაჩუქა... მადლობა ყველას დახმარებისთვის. პირველი სესხი EBRD-ისგან ავიღე; ჩემი ყველა ბიზნესი IFC-ის და EIB-ის დაფინანსებულია და ჩვენ რომელი ტრაქტორით წაგვიყვანს ვინმე რუსეთში?! ვერავინ ვერ წაგვიყვანს“, - აცხადებს ბიზნესმენი.
მისივე აზრით, ხელისუფლებამ ხალხს უნდა უსმინოს.
- მთავრობას ვურჩევდი ხალხისთვის კარგად მიყურადებას; უნდა უსმინონ ხალხს. პულსზე ხელი ეჭიროთ... თითქმის ყველამ ვუთხარით <პრემიერს>, რომ ზედმეტი ძალა არ გამოიყენონ. იქ <აქციებზე> ჩვენი შვილები, დები და ძმები დგანან... ამის კონტროლი ვთხოვეთ. ასევე ის ვთხოვეთ, რომ <საგარეო კურსი> არ უნდა შეიცვალოს არცერთი ნაბიჯით, თორემ ყველა იქ მსხდომი მყისიერად დატოვებს ოთახს... ეს გზა გავლილი გვაქვს. ქართველი ერი რუსეთისკენ არ მიტრიალდება“, - განაცხადა „წერტილში“ ლაშა პაპაშვილმა.
- ამ ვითარებაში ყველაზე მეტად პასუხისმგბლობის ტვირთი ვისზეა?
- ყოველთვის პასუხისმგებლობა მთავრობაზე მოდის და მგონია, რომ გრძნობენ... ამ ქვეყანაში ხომ უნდა იცხოვრონ?! ოჯახები აქ ჰყავთ. ქართული საზოგადოება არაევროპულ გზას არ მიიღებს.