მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსეთში ვერავინ დაგვაბრუნებს“ - ინტერვიუ ლაშა პაპაშვილთან

ლაშა პაპაშვილი

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის აზრით, ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ხალხს. „თითქმის ყველა <ბიზნესმენმა> ვუთხარით პრემიერ-მინიისტრს, რომ ზედმეტი ძალა არ გამოიყენონ. იქ ჩვენი შვილები, დები და ძმები დგანან“, - ამის შესახებ ბიზნესმენმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ირაკლი კობახიძის და მსხვილის ბიზნესის შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა, რომლის ძირითადი თემა ე.წ. „რუსული კანონი“ და მის გამო ქვეყანაში მიმდინარე მასშტაბური პროტესტი იყო. „პირველი სესხი EBRD-ისგან ავიღე; ჩემი ყველა ბიზნესი IFC-ის და EIB-ის დაფინანსებულია და ჩვენ რომელი ტრაქტორით წაგვიყვანს ვინმე რუსეთში?! ვერავინ ვერ წაგვიყვანს“, - აცხადებს ლაშა პაპაშვილი.

- უკვე თვეზე მეტია, ათიათასობით მოქალაქე საგარეო კურსის შეცვლის მკაფიო რისკის გამო დგას ქუჩაში... რატომ ვერ ხედავს და არ ესმის ხელისუფლებას ამდენი ადამიანის ხმა?

- ქუჩაში რაც ხდება ძალიან სამწუხაროა ჩვენი ქვეყნისთვის და ჩემი თაობისთვის. 9 აპრილს 21 წლის ვიყავი; იმ დღიდან მოყოლებული, თითქმის არცერთი წელი არ გვქონია მშვიდობიანი. 1995 წლიდან დღემდე სულ არეულობა და ქუჩაში დგომააა. სამწუხაროა.

- დიახ, საქართველოს მოქალაქეები ხშირად ვდგავართ ქუჩაში, მაგრამ ბოლო 20 წლის განმავლობაში არ მახსენდება, რომ ქუჩის პროტესტის მიზეზი საგარეო კურსის შეცვლის მკვეთრი საფრთხე ყოფილიყო...

- დეტალები არ მახსოვს, მაგრამ მგონი იყო ეგეთიც, თუმცა მნიშვნელობა არ აქვს; დღეს, საგარეო კურსის შეცვლის საფრთხეს ვერ ვხედავ.სწორედ ამიტომ მიგვიწვია პრემიერ-მინისტრმა; მათი ძირითადი აქცენტი ამ თემაზე იყო და ახალგაზრდების დიდი პროტესტის მიუხედავად, საგარეო კურსის ცვლილების საფრთხეს ვერ ვხედავ.

- განა მხოლოდ ახალგაზრდები ან ზოგადად, მოქალაქეები ხედავენ საგარეო კურსის შეცვლის საფრთხეს, ამის თაობაზე გვაფრთხილებენ საერთაშორისო პარტნიორები - როგორც აშშ-დან, ისე ევროკავშირიდან...

- გონიერი ადამიანები ხომ ვართ - რას ნიშნავს ეს კანონი?! ჩვენი 35-წლიანი წვალება უნდა გადავაყოლოთ ამ კანონს და ჩვენ ახლა წავალთ რუსეთში?! მე, ლაშა პაპაშვილი წავალ რუსეთში?! რამდენიმე ხნის წინ დოკუმენტურ ფილმს ვუყურებდი, სადაც რომან გოცირიძე, რომელიც 90-იანებში საქართველოს მთავრობის პრემიერ-მინისტრის მოადგილე იყო, 1992-93 წლების კრიზისს იხსენებს - როგორ შემცირდა მაშინ ეკონომიკა, არც გათბობა გვქონდა, არც წყალი, არც პური... ფილმში რომან გოცირიძე ყვება, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მსოფლიო ბანკში საქართველოს გაწევრინებისთვოს 1 მლნ დოლარი იყო საჭირო, რომელიც არ გვქონდა და ჰოლანდიის მთავრობამ გვაჩუქა... მადლობა ყველას დახმარებისთვის. პირველი სესხი EBRD-ისგან ავიღე; ჩემი ყველა ბიზნესი IFC-ის და EIB-ის დაფინანსებულია და ჩვენ რომელი ტრაქტორით წაგვიყვანს ვინმე რუსეთში?! ვერავინ ვერ წაგვიყვანს.

- ე.წ. რუსული კანონის მიღების შემთხვევაში, ბიზნესს არ მოგიწევთ „უცხო ქვეყნის ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის“ რეესტრში დარეგისტრირება, მაგრამ მოუწევს მედიასაშუალებებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს. დონორებს კი „უცხო ძალა“ ეწოდება... უმადურობა ხომ არ იქნება ჩვენი მხრიდან, მეგობრებს „უცხო ძალა“ უწოდო?

- დეტალებში არ მინდა შევიდე - ვინ ვის უჭერს მხარს, მაგრამ ზოგადად, თუ ზურგს შევაქცევთ დასავლეთს, რა თქმა უნდა, უმადურობა იქნება... ჩვენ ახალგაზრდობიდანვე შევეჩვიეთ და ყველას ეჭვის თვალით ვუყურებთ; არავის ვენდობით, ვიდრე საქმესაც არ ვნახავთ...

- პრემიერ-მინისტრმა რა გაჩვენათ საქმით?

- პირველი - დაგვარწმუნა, რომ კურსი არ შეიცვლება და მეორე - ვეტოს დაძლევის პროცესში თუ იქნება განხილვა და კანონის დეტალებია მიუღებელი, მათგან <ხელისუფლებისგან> თანხმობაა, რომ იმსჯელონ.

- შეიძლება, თქვენ პირადად ვერ ხედავთ საგარეო კურსის შეცვლის საფრთხეს, მაგრამ BAG-ის მიერ ამ თემაზე გავრცელებულ განცხადებაშიც ეწერა, რომ „მთავარია, არ გადავუხვიოთ ქვეყნის განვითარების ევროპულ კურსს, რაც ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციითაც არის განსაზღვრული...

- დიახ. ეს უმთავრესია.

- ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ ახალგაზრდებმა არ იციან, რას აპროტესტებენ და რომ მათ უკან დგას ოპოზიცია და ა.შ.

- პროტესტი ძალიან კარგია. თუ რაღაც რისკს ხედავს საზოგადოება, მთავრობამ უნდა მოისმინოს... 4 თვე რჩება <საპარლამენტო არჩევნებამდე> და 35 წლის წვალება რომ არ გადავაყოლოთ...

- ამ ვითარებაში ყველაზე მეტად პასუხისმგებლობის ტვირთი ვისზეა?

- ყოველთვის პასუხისმგებლობა მთავრობაზე მოდის და მგონია, რომ გრძნობენ... ამ ქვეყანაში ხომ უნდა იცხოვრონ?! ოჯახები აქ ჰყავთ. ქართული საზოგადოება არაევროპულ გზას არ მიიღებს.

- რას ურჩევდით მთავრობას? - თვეზე მეტია არ ესმის ხალხის ხმა...

- ხალხისთვის კარგად მიყურადებას... უნდა უსმინონ ხალხს. პულსზე ხელი ეჭიროთ...

- რა უთხარით პრემიერ-მინისტრს მსხვილმა ბიზნესმენებმა?

- თითქმის ყველამ ვუთხარით, რომ ზედმეტი ძალა არ გამოიყენონ. იქ <აქციებზე> ჩვენი შვილები, დები და ძმები დგანან... ამის კონტროლი ვთხოვეთ. ასევე ის ვთხოვეთ, რომ <საგარეო კურსი> არ უნდა შეიცვალოს არცერთი ნაბიჯით, თორემ ყველა იქ მსხდომი მყისიერად დავტოვებთ ოთახს... ეს გზა გავლილი გვაქვს. ქართველი ერი რუსეთისკენ არ მიტრიალდება.

- ირაკლი კობახიძე ამტკიცებს, რომ ვერავისგან მოისმინა არგუმენტი, რატომ არის ეს კანონი რუსული, მაგრამ ფაქტია, ევროპელი ლიდერები ანუ ისინი, ვინც ევროიტენგრაციის გზაზე საქართველოს მხარი უნდა დაუჭიროს, გვეუბნებიან, რომ ეს კანონი დაგვაშორებს ევროპას...

- მე მგონია, რომ უცხოელები ხალხის პროტესტს უყურებენ და რუტინა ანუ სად, რა მძიმე და წერტილი წერია, არავის აინტერესებს. ვფიქრობ, კიდევ ერთხელ უნდა მოვინდომოთ და მძიმე და წერტილი ან თუ რამე სიტყვებია მიუღებელი, გავასწოროთ. იურიდიული ნიუანსებია, რომელზეც პრემიერი გვესაუბრა, რომ ვეტოს დადების შემდეგ, რამდენიმე კვირიანი ვადაა იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ....

- პრეზიდენტმა უკვე უპასუხა პრემიერს, რომ კანონი რუსულია და არ აპირებს მის გაპატიოსნებაში მიიღოს მონაწილეობა...

- ვფიქრობ, ყველამ ხელები უნდა დავიკაპიწოთ.

- შარშან, პროტესტის შედეგად, „აგენტების კანონის“ უკან გაწვევის შემდეგ, წელს მისი მობრუნების ლოგიკა გესმით? ბიზნესმენები ერთ მდინარეში ორჯერ შედიხართ?

- კიდევ ერთხელ ვიტყვი, ეგეთი რაღაცეები არ უნდა გავაკეთოთ... ჩვენ ვართ უდიდესი ძალების თამაშში... პატარა ერი ვართ... მოკრძალებით და ჩუმად უნდა ვიყოთ.

- ხალხი არ უნდა იყოს ჩუმად...

- რა თქმა უდა, ხალხს თავისი გზა აქვს... მე ვამბობ იმას, ყველამ უნდა შევხედოთ ჩვენს ძალას. რა ძალა გაგვაჩნია ასეთი, რომ ასეთი ამბიცია გვაწუხებს.

- მინდა, ბიზნესის ძალაზეც ვისაუბროთ - რატომ არიან მსხვილი ბიზნესმენები, ძირითადად, სულ ხელისუფლების მხარდამჭერები?

- მსხვილი ბიზნესი ასაკით უფრო ხანდაზმულია; აქედან გამომდინარე, უფრო დაღვინებული ხალხია მსხვილ ბიზნესში; კიდევ ერთხელ გავიმეორებ, 1992-93 წლების საქართველოს შესახებ დოკუმენტური ფილმი ვნახოთ, რომელიც საუბრის დასაწყისშიც ვახსენე. ფილმში მთავრობის მაშინდელი წარმომადგენლებიც საუბრობენ და ნახავთ, რაც მოხდა... ამის გამოა, რომ მსხვილი ბიზნესი თავს იკავებს ხოლმე პოლიტიკური შეფასებებისგან. ვფიქრობ, მსხვილი ბიზნესი მთელ მსოფლიში იგივეს აკეთებს.

- რატომ არის პრობლემა, თუ მსხვილი ბიზნესი თავის პოზიციას ხმამაღლა დააფიქსირებს, თუ ფიქრობს, რომ „რუსლი კანონი“ ისევ გასაწვევია?

- ჩვენი პოზიცია ვთქვით, როცა BAG-მ განცხადება გაავრცელა - ჩვენ ევროპის გზიდან ვერავის გადავახვევინებთ - ოპოზიცია იქნება თუ პოზიცია. მე, პირადად, გამოვალ ქუჩაში. ვიდგები ქუჩაში.

- ახლა არ დადიხართ აქციებზე რუსთაველზე?

- ირგვლივ კი... აქ ვცხოვრობ და სულ დავდივარ...

- მხოლოდ დაღვინებით აიხსნება მსხვილი ბიზნესის დუმილი თუ ბევრის დაკარგვის რისკით?

- მე ვდუმვარ ახლა?! რამე კითხვაზე ვერ გიპასუხეთ?!

- ვაფასებ, რომ დამთანხმდით ინტერვიუზე... ისევ „რუსულ კანონს“ დავუბრუნდეთ - თქვენ თქვით, რომ ხელისუფლებამ ხალხს ყური უნდა დაუგდოსო. ფაქტია, ჯერჯერობით, ასე არ იქცევიან. რა ურჩიეთ პრემიერს?

- ჩემი სურვილია და თხოვნაა, როგორც პრემიერმა თქვა, მაქსიმალურად ვიდაოთ კანონის ყველა წერტილ-მძიმეზე. ნუ იქნება რადიკალური პოზიცია... მათაც მივცეთ საშუალება, ხალხის თხოვნა გაითვალისწინონ; ვიმუშაოთ ბოლომდე. დავეხმაროთ. განა არ ცდებიან?! ზოგჯერ დედა და მამა ცდება, მაგრამ ამის გამო ხომ არ უნდა დაინგრეს ოჯახი?! თუ გვინდა, რომ ამ პროცესს ქვეყანა გადავაყოლოთ, უკვე ვახსენე 90-იანებში რა როგორ იყო... უწმინდესის სიტყვებსაც ვუგდოთ ყური - ღვთისნიერება, მეტი ლოცვა, მეტი ღვთის მსგავსება. რამდენჯერაც არ დავუჯერეთ, იმდენი წავაგეთ...

- "მინდა, შეგახსენოთ ჭეშმარიტი ღვთის სადიდებელი ლოცვა სამი ახალგაზრდისა, რომლებიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა გავარვარებულ ღუმელში ჩაყარა. მის ახლოს მყოფი ადამიანები ცეცხლის ალისგან დაიწვნენ, ისინი კი სრულიად უვნებელნი დარჩნენ" - ნათქვამი იყო ილია მეორეს მრევლისადმი მიმართვაში. ანუ მმართველმა ძალამ ყური უნდა უგდოს ახალგაზრდებს - ეს გვითხრა?

- რა თქმა უნდა, ორი აზრი არაა. ამდენი ადამიანია ქუჩაში გამოსული - ახალგაზრდა, ასაკიანი თუ პოლიტიკური ოპონენტი - ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ქუჩაში გამოსულია ქართველობა, რომელსაც გულმხურვალედ უყვარს ქვეყანა...

- ახალგაზრდებს ხელისუფლება იარლიყს უკვე აკერებს - თითქოს მათ არ იციან, სად და ვისთან დგანან...

- ძალიან ცუდია... ჩემი თხოვნა <პრემიერისადმი> ეს იყო, რომ უფრო თბილად ვესაუბროთ, რთულ და ამოუხსნელ ოპონენტებსაც. ერთადერთი გრძნობა, რასაც არ სჭრდება ერთმანეთისთვის მტკიცება, არის სიყვარული... ჩვენი ძმების წინააღმდეგ ძალის გადამეტებულ გამოყენებასაც არ მივიღებთ, ისევე როგორც ევროპასთან განშორებას ვერ მივიღებთ და ვერ შევეგუებით. თითოეული ჩვენგანის ვალია პოზიტიური და დამამშვიდებელი სიიტყვა თქვას. არ მინდა არცერთ მხარეზე ისეთი რამე ვთქვა, რომელიც სიტუაციას უფრო დაძაბავს.

- მსხვილის ბიზნესის და პრემიერის შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილი არ ახსენეთ? მას ხომ აქვს ძალა და ხომ შეუძლია კრიზისის სწრაფად განმუხტვა?

- ძალა როგორ არ აქვს, აქვს. მე პირადაც ვიცნობ მას. 5-6-ჯერ შევხედრილვარ. მგონია, რომ პატრიოტია... როგორც ირაკლი კობახიძეზე ვთქვი, რომ ქართველია, რაშიც მოიაზრება მისი ცოდნა, განათლება, საქართველოს სიყვარული...

- ბიძინა ივანიშვილს ეტყობა, რომ ამ დღეებში ის ფიქრობს სიყვარულზე, სითბოსა და საქართველოს ევროპულ გზაზე?

- ბიძინა ივანიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თავი თავს დააბრალოს, თუ არ იფიქრებს სითბოსა და სიყვარულზე.

- ხომ არ გქონიათ კომუნიკაცია მას შემდეგ, რაც პოლიტიკაში მესამედ დაბრუნდა?

- არა. ბოლოს ორი წლის წინ აბასთუმნის განვითარების პროექტზე ვისაუბრეთ. ძალიან მაგარი პროექტი კეთდება.

- მალე გაიხსნება?

- გააჩნია, ქუჩაში როგორი მდგომარეობა იქნება.

- ქუჩაში არსებული მდგომარეობა როგორ აისახება საინვესტიციო კლიმატზე თუ არსებული ინვესტორების გეგმებზე?

- დაგვანგრევს... 15-15%-ით შემცირდა ლონდონის ბირჟაზე დალისტული ქართული ბანკების აქციები და ამაზე ყველამ უნდა ვიფიქროთ...

- თქვენ თქვით, რომ ხელისუფლებამ უნდა მოუსმინოს ხალხს, მაგრამ ფაქტია, ჯერჯერობით, ასე არ იქცევა. კიდევ ერთხე, რას ეტყოდით მმართველ ძალას?

- თუ მსოფლიო პოლიტიკის კულუარებში რაღაც ძალიან კრიტიკული არ ხდება, რაც ჩვენთვის უცნობია და მხოლოდ პირველმა პირებმა იციან, მაქსიმალურად უნდა მოუსმინონ ხალხს. ეს არის ჩემი რჩევა და თხოვნა, თბილად და სიყვარულით... სხვა რჩევა არ მაქვს. ყველამ უნდა იცოდეს, რომ 200-წლიანი ბატონობის შემდეგ, ისევ უკან არ წავალთ. რუსეთშო ვერავინ დაგვაბრუნებს. არ არსებობს.

- ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება?

- ვერა. ამას ქართველი ხალხი არ მიიღებს.

- წერტილი რას უნდა დაესვას საქართველოში?

- უსიყვარულობას.

- ერთი თვეა, რუსთაველის გამზირზე დიდი სიყვარულია...

- ჩვენ გვინდა მთელი საქართველოს სიყვარული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები