მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არჩევნები გერმანიაში - კონსერვატორები მთავრობაში და AFD-ის თითქმის გაორმაგებული რეიტინგი

ფრიდრიხ მერცი

გერმანიას ახალი კოალიციური მთავრობა ეყოლება. ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი მონაცემებით, ყველაზე მეტი ხმა (28.6%) მიიღო კონსერვატორების ბლოკმა, რომელიც ქრისტიან-დემოკრატიულ კავშირს და ქრისტიან-სოციალურ კავშირს (CDU/CSU) აერთიანებს. მეორე ადგილი დაიკავა და პარტიის არსებობის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აჩვენა, თითქმის გააორმაგა მხარდაჭერა ულტრამემარჯვენე პარტიამ ალტერნატივა გერმანიისთვის (AFD).

AFD-ი თითქმის 21%-ით მეორე ადგილზეა, თუმცა როგორც თავიდანვე ცნობილი იყო მასთან კოალიციას გამორიცხავს გამარჯვებული პარტია შესაბამისად, ალტერნატივა გერმანიისთვის მთავრობაში ვერ მოხვდება. აღსანიშნავია, რომ ულტრამემარჯვენე პარტიას მხარს უჭერდა აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი და მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი ილონ მასკი. ამის გამო გერმანიის მთავრობამ მასკი არჩევნებში ჩარევაშიც დაადანაშაულა.

კანცლერ ოლაფ შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია მესამე ადგილზეა. წინასწარი შედეგებით, პარტიამ ხმების 16.4% მიიღო; მწვანეებმა კი 11.6%. დიდი ალბათობით ახალი სამთავრობო კოალიცია სწორედ სოციალ-დემოკრატები და გამარჯვებული ქრისტიან-დემოკრატები შექმნიან.

ქრისტიან-დემოკრატებმა 630-ადგილიან ბუნდესტაგში 208 მანდატი მიიღეს. მთავრობის ფორმირებისთვის კოალიციაში შესვლა სჭირდებათ სხვა პარტიასთან იმისთვის, რომ 316 მანდატი ჰქონდეთ საკანონმდებლო ორგანოში.

პარტიის ლიდერმა ფრიდრიხ მერცმა, რომელიც კანცლერობის კანდიდატია, პირობა დადო, რომ ახალი მთავრობის ფორმირება 21 აპრილისთვის დასრულდება. მერცმა არ დააკონკრეტა, რომელ ძალებთან შექმნის ახალ მთავრობას, თუმცა AFD-სთან თანამშრომლობა გამორიცხა.

გერმანიის მომავალი კანცლერი 69 წლის ფრიდრიხ მერცი იურისტია. იგი იყო მოსამართლე ეკავა მაღალი თანამდებობა სხვადასხვა საერთაშორისო კორპორაციაში, მათ შორის ამერიკის ერთ-ერთ უმსხვილეს აქტივების მმართველ კომპანია BlackRock-ში. მერცი დაბალი გადასახადების მომხრეა როგორც ინდივიდებისთვის ასევე კორპორაციებისთვის. ის ასევე მხარს უჭერს ბიუროკრატიის შემცირებას. მან თქვა, რომ მისი მიზანია გერმანიაში სტარტაპების განვითარება და აპირებს შექმნას უწყება, რომელიც ფოკუსირებული იქნება ქვეყანაში გაციფრულებასა და ხელოვნური ინტელექტის განვითარებაზე. ამას გარდა, მერცი აპირებს, რომ შეცვალოს კანონმდებლობა სახელმწიფო ვალთან დაკავშირებით, რომლითაც მთავრობა შეზღუდულია ვალის აღებაში. ის აკრიტიკებდა შოლცის ეკონომიკურ პოლიტიკას და ამბობდა, რომ ამის გამო შევიდა გერმანიის ეკონომიკა რეცესიაში. გერმანია ევროკავშირში ყველაზე მსხვილი ეკონომიკის მქონე ქვეყანაა. ამას გარდა, აშშ-ის შემდეგ, ის უკრაინისთვის იარაღის სიდიდით მეორე მიმწოდებელი იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები