მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არჩევნები მოვიგეთ" - ირაკლი კობახიძის პასუხი კითხვაზე, რა მოიგო 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით

ირაკლი კობახიძე

"არჩევნები მოვიგეთ", - ასე უპასუხა დღეს "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ BMG-ის მთავარი რედაქტორის კითხვას თელარა გელანტიას კითხვას - "რა მოიგეთ, 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით" [ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან მოხსნით].

აღსანიშნავია, რომ ირაკლი კობახიძე დღეს ითხოვდა თელარა გელანტიას მთავრობის ადმინისტრაციიდან გაძევებას, თუ არ აღიარებდა, რომ კობახიძე პრემიერია [ლეგიტიმაციის პრობლემა "ოცნების" მთავრობას არჩევნების შემდეგ დაუდგა, როცა გამარჯვება არ მიულოცა არცერთმა დასავლურმა ქვეყანამ, გარდა უნგრეთისა]. თელარა გელანტიამ მხოლოდ მას შემდეგ უთხრა კობახიძეს, რომ პრემიერად ცნობს, რაც ადმინისტრაციის დაცვა და მთავრობის პრესსამსახური მოუახლოვდა და მიკროფონის წართმევას ცდილობდნენ.

თუმცა იქამდე, ის მიმართავდა თელარა გელანტიას, აღიარებდა თუ არა მის პრემიერობას, წინააღმდეგ შემთხვევაში კობახიძე ამბობდა, რომ კითხვაზე პასუხს არ გასცემდა და სხვა ჟურნალისტის კითხვაზე გადავიდოდა.

"ახლა გაგაძევებ, ნუ ტლიკინებ, მართლა, ნუ ტლიკინებ. გაგაძევებ, თუ გააგრძელებ ტლიკინს, "ნაცი" რომ ხარ, არ გაქვს ტლიკინის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კოლეგებმა მიგაჩვიეს ამას", - მიმართა ირაკლი კობახიძემ BMG-ის ჟურნალისტს.

ირაკლი კობახიძემ BMG-ის ჟურნალისტს სიტყვიერი შეურაცხყოფა არაერთხელ მიაყენა.

ხანგრძლივი კითხვა-პასუხის შემდეგ, BMG-ის მთავარმა რედაქტორმა, თელარა გელანტიამ კობახიძეს კიდევ ერთხელ ჰკითხა - რა მოიგეთ, 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით?

ირაკლი კობახიძე:

"არჩევნები მოვიგეთ".

თელარა გელანტია:

"არჩევნები, რომელსაც არავინ გილოცავთ".

ირაკლი კობახიძე:

"თქვენ მომილოცეთ დღეს და რაღად მინდა სხვისი მოლოცვა".

თელარა გელანტია:

"არ გინდათ ეს იაფფასიანი ირონია".

საბოლოოდ, თელარა გელანტიას კითხვაზე, რა მოიგეს არჩევნების შემდეგ მიღებული გადაწყვეტილებით, ირაკლი კობახიძემ თქვა:

"ეს აქციები არის ლიბერალური ფაშიზმის დასასრულის დასაწყისი. ეს მოვიგეთ კიდევ. ძალიან მნიშვნელოვანი ლუსტრაცია ჩატარდა ამ დღეებში, რაც დაგვეხმარება ლიბერალური ფაშიზმის ბოლომდე დამარცხებაში. ყველაფერი იქნება კარგად, ჩვენი ქვეყნისთვის. თქვენ სცადეთ ამ ქვეყნის არევა უკვე მეოთხედ ამ ოთხ წელიწადში", - თქვა კობახიძემ.

ტერმინი “ლიბერალური ფაშიზმი” ოქსიმორონია – და ის არ ასახავს არანაირ რეალურ პოლიტიკურ იდეოლოგიასა და მიძრაობას. “ლიბერალიზმი” და “ფაშიზმი” ორი, ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური ფილოსოფიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები