მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არჩევნები სამართლიანი არ იყო" - როთი ევროინტეგრაციის პროცესის აღდგენის 4 პირობას ასახელებს

გერმანია

საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა პარლამენტების დეპუტატები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებიან, თუმცა ხელისუფლების წარმომადგენლებმა მათთან შეხვედრაზე უარი თქვეს.

დელეგაციის შემადგენლობაშია გერმანიის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელი მიხაელ როთიც, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში არჩევნები დარღვევით ჩატარდა და გამოძიებაა საჭირო.

“არჩევნები არ იყო სამართლიანი, საარჩევნო უბნების უმრავლესობაზე ხმის მიცემის ფარულობა არ იყო უზრუნველყოფილი. მიდიოდა ფართოდ გავრცელებული ამომრჩეველთა მოსყიდვა, დაშინება და მმართველი პარტიის მხარდამჭერებმა ძირი გამოუთხარეს დემოკრატიას, რამაც დიდი კითხვები გააჩინა არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ეს დაამტკიცა საერთაშორისო დამკვირვებელთა მისიამ და ქართული მედიის განცხადებებმა. ჩვენ მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ მაკრონის, პრემიერ ტუსკისა და კანცლერ შოლცის მოწოდებას, რომ ჩატარდეს გამოძიება. მიუხედავად იმისა, რომ დამოუკიდებელი გამოძიება შეიძლება უზრუნველყოფილი არ იყოს, სანამ ნათელი არ მოეფინება ამ არჩევნებს ევროკავშირი ვერ აღიარებს მას ლეგიტიმურად", - განაცხადა როთმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

მისივე თქმით, თუ დარღვევები არ იქნება გამოძიებული ისინი მოითხოვენ ინდივიდუალურ სანქციებს იმ პირების მიმართ, ვინც პასუხისმგებელია ამომრჩეველთა მანიპულაციაზე. კითხვაზე - იქნება თუ არა საკმარისი ევროინტეგრაციის პროცესის აღსადგენად საქართველოს ხელისუფლების მხრიდან "რუსული კანონისა" და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონის გაწვევა, როთმა ასე უპასუხა:

“ჩვენ მმართველი პარტიისგან ველით არა მხოლოდ რუსული და ლგბტ უფლებების შემზღუდავი კანონების გაწვევას, არამედ ოფშორების შესახებ კანონისაც. ასევე უნდა ჩატარდეს დამოუკიდებელი გამოძიება".

ჟურნალისტის კითხვაზე რა რეკომენდაციას მისცემდა საქართველოს პრეზიდენტს ის ამბობს, რომ ზურაბიშვილი მხარს უჭერს იმ ყველაფერს, რითაც შეიძლება საქართველო ამაყობდეს, მათ შორის დემოკრატიას და თავისუფლებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები