საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან. საერთო განცხადებაში წერია, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, სანამ ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება.
"სანამ საქართველო არ გადახედავს და არ გაატარებს ხელშესახებ რეფორმებს, მათ შორის გააუქმოს ახლახან მიღებული კანონი [რუსული კანონი], რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენს მხარს არ დავუჭერთ საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყებას", - ნათქვამია საერთო განცხადებაში.
ერთობლივ განცხადებაში ასევე საუბარია არჩევნების დროს მომხდარ დარღვევებზე. კერძოდ, სამი ლიდერი აღნიშნავს, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების წინასწარი შეფასებით, არჩევნებზე უამრავი დარღვევის, ამომრჩევლის დაშინების ფაქტი გამოვლინდა, რასაც უარყოფითი გავლენა ჰქონდა საზოგადოების ნდობაზე ამ პროცესის მიმართ.
"მოვუწოდებთ [ხელისუფლებას] გამოიძიოს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული საქმეები. ყურადღებით განვიხილავთ საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიშს, რომელიც წარმოდგენილი უნდა იყოს დადგენილ ვადაში", - წერია განცხადებაში.
საფრანგეთის, გერმანიის და პოლონეთის ლიდერები ასევე მოუწოდებენ მთავრობას დიალოგისკენ პოლიტიკურ ძალებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.
"მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება ფუნდამენტური უფლებებია დემოკრატიულ საზოგადოებებში და უნდა იყოს დაცული. ამ მიზნით, მოვუწოდებთ ღია დიალოგისკენ ყველა პოლიტიკურ ძალასა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციასთან. საპარლამენტო არჩევნებამდე ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ საქართველომ გადაუხვია დემოკრატიული გზიდან და ხაზს უსვამდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მნიშვნელობას", - ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია და საქართველოს პრეზიდენტი. ამ დრომდე "ქართულ ოცნებას" გამარჯვება არ მიულოცა არცერთმა დასავლეთის ლიდერმა და აშშ-მა. არჩევნებიდან მალევე საქართველოში მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოვიდა, თუმცა ევროკავშირში განაცხადეს, რომ ორბანი მხოლოდ უნგრეთს წარმოადგენდა.