საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი საქართველოში შექმნილ ვითარებას ეხმაურებიან. საერთო განცხადებაში წერია, რომ ისინი მხარს არ დაუჭერენ საქართველოსთან ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნას, სანამ ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება.
"სანამ საქართველო არ გადახედავს და არ გაატარებს ხელშესახებ რეფორმებს, მათ შორის გააუქმოს ახლახან მიღებული კანონი [რუსული კანონი], რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენს მხარს არ დავუჭერთ საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყებას", - ნათქვამია საერთო განცხადებაში.
საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმურობას არ აღიარებს არცერთი ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტია და საქართველოს პრეზიდენტი. ამ დრომდე "ქართულ ოცნებას" გამარჯვება არ მიულოცა არცერთმა დასავლეთის ლიდერმა და აშშ-მა. არჩევნებიდან მალევე საქართველოში მხოლოდ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ჩამოვიდა, თუმცა ევროკავშირში განაცხადეს, რომ ორბანი მხოლოდ უნგრეთს წარმოადგენდა.