უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზად არის, ქვეყანაში ვადამდელი არჩევნები 60-დან 90-დღემდე ვადაში ჩანიშნოს. თუმცა ომში მყოფი სახელმწიფოს ლიდერმა განმარტა, რომ განკარგულებას ხელს იმ შემთხვევაში მოაწერს, თუ საარჩევნო დღეს ქვეყნის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობას ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპელი მოკავშირეები აიღებენ.
“ყველა საარჩევნო პუნქტი დაცული უნდა იყოს შესაძლო სამხედრო მოქმედებისაგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ ნამდვილი არჩევნების ჩატარებას”, - განაცხადა ზელენსკიმ.
მზადყოფნის გამოცხადების პარალელურად, უკრაინის პრეზიდენტმა რადას დეპუტატებს დაავალა, მოამზადონ კანონპროექტი, რომელიც საგანგებო მდგომარეობის დროს არჩევნების ჩატარებას დაუშვებს.
ცნობისთვის, უკრაინაში მოქმედი დღევანდელი კანონმდებლობით, სამხედრო მოქმედების დროს საყოველთაო საარჩევნო პროცედურები უქმდება. აქვე უნდა განიმარტოს, რომ არჩევნებისთვის მზადყოფნისთვის ზელენსკის განცხადებას წინ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის 28-პუნქტიანი სამშვიდობო გეგმის ჩამოყალიბება უძღოდა. ვადამდელი არჩევნების ჩატარება სწორედ ის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომელზეც მხარეები შეთანხმდნენ და რომლის ჩატარებასაც ზელენსკი თანხმდება. აღსანიშნავია, რომ არჩევნების საკითხის ინიციატორი რუსული მხარეა, რომელიც უკვე თვეებია აცხადებს, რომ სამშვიდობო შეთანხმებას ვერ გააფორმებს იმ ხელისუფალთან, რომელსაც ხალხის ლეგიტიმაცია არ აქვს.




























