მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნების შემდეგ, არ გვექნება ორი საქართველოს ფუფუნება, იქნება ერთი დასკვნა - კორნელი კაკაჩია

კორნელი კაკაჩია

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორის კორნელი კაკაჩიას აზრით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ქართველმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს, როგორ მომავალს ირჩევს. როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები გასცემს საბოლოოდ პასუხს კითხვაზე, რომელიც „ორ საქართველოს ეხება“.

- ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რაც არ უნდა ნამუსი მოგვწმინდონ საერთაშორისო პარტნიორებმა, რასაც ისინი ცდილობდნენ, განსაკუთრებით ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რომ ხელისუფლება სხვა არის და ქართული საზოგადოება - სხვა და ამიტომ, მოდი, მივცეთ შანსი... ამ არჩევნების შემდეგ ჩვენ არ გვექნება ორი საქართველოს - ცუდი და კარგი საქართველოს ფუფუნება; იქნება ერთი დასკვნა. თუ საქართველოს მოქალაქეების უმრავლესობა გადაწყვეტს, რომ „ქართული ოცნება“ დარჩეს ხელისუფლებაში, მაშინ როგორც ევროკავშირის ელჩმა და ბევრმა მაღალი დონის დიპლომატმა თქვა, ისინი პატივს სცემენ ქართველი ხალხის აზრს ანუ ევროკავშირს ჩვენთან ისეთი ურთიერთობა ექნება, როგორიც აქვს აზერბაიჯანთან, ყაზახეთთან და არ იქნება საუბარი გაწევრიანებაზე. ამდენად, ამომრჩევლებმა უნდა გადავწყვიტოთ რა გვინდა - გვინდა თუ არა, ვიყოთ დემოკრატიული და ევროპული ქვეყანა და საერთოდ, გვინდა თუ არა, რომ გადავრჩეთ როგორც მცირე ერი, რომლის საუკეთესო საშუალებაა ევროკავშირში გაწევრიანება და მით უმეტეს, იმ სამეზობლოში, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით.

- თუ ევროკავშირის გაფართოების ეს ტალღა ხელიდან გავუშვით, შემდეგ როდის შეიძლება მსგავსი შანსი საქართველოს გაუჩნდეს?

- გაფართოების ფანჯარა, რომელიც ახლა შეიქმნა, გვქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ. სამწუხაროდ, მაშინ ის შანსი სამხრეთ კავკასიის ქვეყნებმა ვერ გამოვიყენეთ, მაგრამ გამოიყენეს ბალტიისპირეთის ქვეყნებმა და ვიცით, სად არიან ისინი. ახლა გვაქვს მეორე ცხადი შესაძლებლობა, რომელსაც ვხედავთ უკრაინის და მოლდოვის მაგალითზე. სამწუხაროდ, ასოცირებულ ტრიოს - საქართველო-უკრაინა-მოლდოვა - ჩამოვრჩით და ახლაც თუ ამ შანსს ვერ გამოვიყენებთ, არ ვიცით, მსგავსი შესაძლებლობა კიდევ როდის მოგვეცემა, რადგან ევროკავშირშიც საზოგადოებრივი აზრი იცვლება; პოლიტიკოსებიც აკვირდებიან, რა განწყობა აქვს მოსახლეობას, რომელიც უკრაინის ომის გამო, გაფართოების განწყობაზეა; ამდენად, თუ გაფართოების ამ ტალღაში ვერ მოვხვდით, დავაკვირდეთ გეოგრაფიას - მომავალში როდის გვექნება მსგავსი შანსი, ალბათ 20-30 წელიწადში, თუ მანამდე სხვა დაჯგუფებაში არ აღმოვჩნდით. თურქეთი როდის შევა ევროკავშირში ან სომხეთი და წარმოიდგინეთ, რა დროის პერსპექტივაზეა საუბარი. იმედი მაქვს, ქართველი ამომრჩეველი ყველაფერს გაიაზრებს, მათ შორის გეოპოლიტიკურ კონტექსტს.

- რას უნდა დაესვას #წერტილი საქართველოში?

- წერტილი უნდა დაესვას დამყაყებულ სიტუაციას, რომელშიც ქვეყანა არის, ასევე, დემოკრატიის უკუსვლას და მხარი უნდა დავუჭიროთ ცვლილებებს. ქვეყანას სჭირდება ცვლილებები და ეს უკვე აუცილებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები