„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორ კორნელი კაკაჩიასთვის გასაგებია, რატომ იკავებს თავს ევროკავშირი და არ ჩქარობს, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებას. "{არჩევნებამდე უვიზო რეჟიმის შეჩერება} იქნებოდა გზავნილი, რომ ევროკავშირი არ ენდობა ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიულ ინსტინქტს“, - თქვა მან BMGTV-ზე, „წერტილში“ სტუმრობისას.
„დემოკრატიული უკუსვლის გამო, სჯობს თუ - არა, რომ EU-მა საქართველოს უვიზო მიმოსვლა არჩევნებამდე, დროებით, შეუჩეროს?“ - ვკითხეთ კორნელი კაკაჩიას.
„ეს არის სერიოზული დილემა, რომლის წინაშეც ევროკავშირი დიდი ხანია დგას. არსებობს ერთი ჯგუფი, რომელიც ამ სცენარის მომხრეა ანუ {უვიზო რეჟიმის არჩევნებამდე შეჩერების}, მაგრამ მეორე და უფრო დიდი ჯგუფი ფიქრობს, რომ სიჩქარე არ ვარგა და საჭიროა, ქართველ ამომრჩეველს მივცეთ შანსი; წინასწარ ხელების გადაგრეხის პოლიტიკა არ იქნება სწორი, რადგან ეს იქნება ცუდი გზავნილი საქართველოს მოქალაქეებისთვის და გამოვა, რომ ევროკავშირი არ ენდობა ქართველი ამომრჩევლის დემოკრატიულ ინსტინქტს. ბუნებრივია, ეს არ იქნებოდა სწორად გაგებული“, - აცხადებს კორნელი კაკაჩია.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი ვარაუდობს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმს და ასევე, სხვა ბერკეტებს ევროკავშირი არჩევნების შედეგების მიხედვით გამოიყენებს.
„თუ {ქართული ოცნების} ხელისუფლება დარჩა, ბუნებრივია, ამ პაკეტს პერსონალური სანქციები და სხვა რაღაცები დაემატება და ქვეყანა, თანდათანობით, იზოლაციაში აღმოჩნდება არა მხოლოდ ევროკავშირის მხრიდან, არამედ ამას მოჰყვება საერთაშორისო ინსტიტუტები და საერთაშორისო ბანკები... ყველაზე ცუდი ის არის, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ჩვენ იზოლაციაში ყოფნის ფუფუნება არ გვაქვს. მაგალითად, აზერბაიჯანში ავტორიტარული ხელისუფლებაა, მაგრამ მას აქვს ბუნებრივი გაზი, ნავთობი, გვერდზე თურქეთი ჰყავს, რომელიც მხარს დაუჭერს და ა.შ. ჩვენ არ გვყავს მსგავსი მეზობელი და ერთადერთი, ვისკენაც შეიძლება, ხელისუფლებამ გაიხედოს, არის მეზობელი რუსეთი, რომელიც ოკუპანტია. პატარა ქვეყნებს აქვს თავისი ლიმიტები, როგორც ეკონომიკის, ისე უსაფრთხოების ჭრილში და ჩვენ მარტო ვერ გადავრჩებით და ორ სკამზე ჯდომის პოლიტიკით {ქვეყნის მართვა ხელისუფლებას} გაუჭირდება“, - აღნიშნა კორნელი კაკაჩიამ.
„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორის შეფასებით, 26 ოქტომბრის არჩევნებს საქართველოსთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და იმედოვნებს, რომ „ქართველი ამომრჩეველი გადამწყვეტ სიტყვას იტყვის“.
საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ გუშინ განაცხადა, რომ ევროპული საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია. გუშინვე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა გაყინა 30 მილიონი ევროს დახმარება, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების გაძლიერებისთვის იყო გამოყოფილი. "სხვა ნაბიჯებიც იქნება", - განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ. დღეს კი, საქართველოში გერმანიის ელჩმა პიტერ ფიშერმა მედიას განუცხადა, რომ გერმანია საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვას აწარმოებს.