მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო ნელ-ნელა საერთაშორისო იზოლაციის ფაზაში შედის - კორნელი კაკაჩია

კორნელი

„საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორი კორნელი კაკაჩია მიიჩნევს, რომ საქართველო იზოლაციისკენ მიდის. მიზეზად მან „რუსული კანონის“ მიღების გამო აშშ-ის და ევროკავშირის მიერ „ქართული ოცნების“ მისამართით მიღებული გადაწყვეტილებები დაასახელა, რომელიც ჯერ სავიზო სანქციებს მოიცავდა და შემდეგ უკვე თავდაცვის სამინისტროსთვის €30 მლნ-ის გაყინვას, რაც საბოლოოდ ქვეყანას დააზიანებს.

როგორც კორნელი კაკაჩიამ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ თქვა, EU-ის და აშშ-ის მიერ აღნიშნული გადაწყვეტილებები მხოლოდ დასაწყისია და თუ "ქართული ოცნება" პოლიტიკურ კურსს არ შეცვლის, დაფინანსების შეზღუდვა ასევე შესაძლოა გავრცელდეს სხვა ისეთ მნიშვნელოვან სექტორებზე, რისი ჩამორჩენაც საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფითად აისახება.

„ევროკავშირი და აშშ საქართველოს დამოუკიდებლობის, თავდაცვისუნარიანობის და ტერიტორიული მთლიანობის სერიოზული მხარდამჭერები იყვნენ, განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ, როდესაც ჩვენთვის არაღიარების პოლიტიკა გახდა ძალიან მნიშვნელოვანი. ახლა ქვეყანა [ქართული ოცნება] ცდილობს საგარეო პოლიტიკური ვექტორი შეცვალოს და არა თუ მხოლოდ შეცვალოს, არამედ რეგიონში შემოიყვანოს არა რეგიონალური ძალა - ჩინეთი. ასევე, საქართველოს ხელისუფლებამ ვერ გაასწორა მორალური კომპასი უკრაინასთან მიმართებაში, რომელსაც მთელი კაცობრიობა მხარში უდგას ამ ომის პირობებში და ამ ფონზე ევროკავშირი, აშშ მიიჩნევენ, რომ რატომ უნდა დაიხარჯოს ეს თანხა [€30 მლნ] ისეთი ქვეყნისთვის, რომლის ხელისუფლებაც უმადურია და შეურაცხყოფას აყენებს დიპლომატიურ კორპუსს.

ეს არის პირველი ნაბიჯები, ამას შეიძლება მოჰყვეს სოფლის მეურნეობის სფეროში შეწყვეტა, ასევე სოციალურ სფეროში, ეს საბანკო სფეროსაც შეეხება, - იმ სფეროებს, სადაც უზარმაზარი თანხები იყო ჩადებული წლების განმავლობაში. ამის დაკარგვას ჩვენ თანდათანობით უფრო მტკივნეულად შევამჩნევთ. პროექტების შეჩერება უცებ შეიძლება არ მოხდეს, მაგრამ არ დაიწყება ახალი პროექტები, უამრავი იდეა იყო სხვადასხვა სფეროში და ეს იდეები ვერ განხორციელდება, რასაც ცოტა ხანში შევამჩნევთ", - განაცხადა მან.

კორნელი კაკაჩიასთვის ასევე გაუგებარია "ქართული ოცნება" საიდან დააბალანსებს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მიერ დაფინანსებებს. როგორც ის ამბობს, ეს გაუგებრობა ეჭვს უჩენს რომ ქვეყანა იზოლაციისკენ მიდის.

"საინტერესოა, საიდან დააბალანსებს ხელისუფლება იმ თანხებს, რომელიც დასავლეთის მიერ მილიარდობით თანხა იყო ჩადებული და რაზე არის გათვლა. მარტო ის რომ ვთქვათ, რომ რუსი ტურისტების შემოსავლით იცხოვრებს საქართველო ეს ძალიან მიამიტურია და მით უმეტეს ჩინეთი გაიგიჟებს თავს და საქართველოს გამო საოცარ რამეს გააკეთებს, ამაზე საუბარი ზედმეტია, ამიტომ ეჭვი მაქვს რომ საქართველო ნელ-ნელა შედის საერთაშორისო იზოლაციის იმ ფაზაში, რომელშიც თუ რამე არ შეცვალა ხელისუფლებამ, ვშიშობ შეუღწევადი გახდება", - განაცხადა „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის“ დირექტორმა კორნელი კაკაჩიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები