მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩევნების შემდეგ კულტურის და სპორტის სამინისტროები გაიყოფა - ირაკლი კობახიძე

კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფას აანონსებს. როგორც მან ბრიფინგზე განაცხადა, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილება არჩევნების შემდეგ დაინიცირდება.

პრემიერმა სამინისტროს გაყოფის მიზეზად ის დაასახელა, რომ ბოლო წლებში სპორტის სფეროში დიდი წარმატებები გვაქვს და განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას.

"არჩევნების დასრულებისთანავე ჩვენ დავაინიცირებთ საკანონმდებლო ცვლილებას, რომლის მიხედვითაც მოხდება კულტურისა და სპორტის სამინისტროს გაყოფა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ძალიან დიდი წარმატებები გვაქვს სპორტის სფეროში. ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სპორტის განვითარებას და სპორტის სამინისტროს ცალკე შექმნაც იქნება ყურადღების კიდევ ერთი გამოხატულება. სპორტი დარჩება განსაკუთრებულ პრიორიტეტად და სწორედ ამის გამოხატულება იქნება დამოუკიდებელი სპორტის სამინისტროს არსებობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ამასთან, კობახიძემ კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობაზე თეა წულუკიანის შემცვლელად თინათინ რუხაძე დაასახელა, რომელიც პრემიერის თქმით, გაყოფის შემდეგ კულტურის სამინისტროს უხელმძღვანელებს.

"როგორც მოგეხსენებათ, ქალბატონი თეა წულუკიანი საქმიანობას გააგრძელებს საქართველოს პარლამენტში. შესაბამისად, მან უკვე დატოვა კულტურისა და სპორტის მინისტრის თანამდებობა. მინდა მას კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო მის მიერ გაწეული ძალიან ღირებული საქმიანობისთვის. მისი მინისტრობის დროს არაერთი ცვლილება, მნიშვნელოვანი რეფორმა განხორციელდა როგორც კულტურის, ასევე სპორტის სფეროში.

მინდა წარმოგიდგინოთ კულტურის და სპორტის მინისტრი, თინათინ რუხაძე. 1989 წლიდან ის გახლდათ საქართველოს ახალგაზრდა შემოქმედებითი გაერთიანების დირექტორის მოადგილე, კამერული ორკესტრის, „თბილისის კონცერტინოს“ დირექტორი, ასევე ის იყო ტელე ფესტივალ „მანას“ აღმასრულებელი დირექტორი, მოგვიანებით „ტიბისი ტვ“-ის გენერალური პროდიუსერი, ასევე გახლდათ საქტელერადიო მაუწყებლობის პროდიუსერთა საბჭოს აპარატის უფროსი და პროდიუსერი. იყო ასევე შპს „მელოდია არტის“ დირექტორის მოადგილე, გენერალური პროდიუსერი, ასევე თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის გენერალური დირექტორი, იყო თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მრჩეველი განათლებისა და კულტურის საკითხებში. 2016 წლიდან დღემდე ის გახლდათ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი",- თქვა ირაკლი კობახიძემ.

პრემიერმა კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობაზე შალვა გოგოლაძე წარადგინა და თქვა, რომ სამინისტროს გაყოფის შემდეგ გოგოლაძე სპორტის მინისტრი გახდება.

"გვინდა, წარმოგიდგინოთ ბატონი შალვა გოგოლაძე, რომელიც ამ ეტაპზე დაიკავებს მინისტრის პირველი მოადგილის თანამდებობას, ის იქნება სპორტის კურატორი კულტურისა და სპორტის სამინისტროში, ხოლო მას შემდეგ, რაც გამოიყოფა სპორტის სამინისტრო, ის დაიკავებს სპორტის მინისტრის თანამდებობას, ასეთია ჩვენი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება.

შალვა გოგოლაძეს დამთავრებული აქვს საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის აკადემია, ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სპეციალობით არის იურისტი. წლების განმავლობაში ეწეოდა წარმატებულ საადვოკატო საქმიანობას, სხვადასხვა დროს იგი იყო სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სპორტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის დირექტორი, იყო საქართველოს ოლიმპიური რეზერვების მზადების ეროვნული ცენტრის დირექტორი და წლების განმავლობაში ასევე იყო თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელის მოადგილე. 2015 წლიდან, წლების განმავლობაში, იკავებდა მინისტრის მოადგილის თანამდებობას და მაშინაც კურირებდა სპორტის მიმართულებას. შესაბამისად, მას აქვს ძალიან ფართო გამოცდილება სპორტის სფეროში და დარწმუნებულები ვართ, ის იქნება ძალიან წარმატებული ჯერ პირველი მოადგილე სამინისტროში და შემდეგ უკვე ძალიან წარმატებული სპორტის მინისტრი, ბატონ შალვას მინდა, ვუსურვო წარმატებები“,- განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები