საერთაშორისო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ცენტრის“ (MFC) შეხვედრაზე, ფინანსური ჩართულობის ორგანიზაცია „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე არჩილ ბაკურაძე საერთაშორისო ორგანიზაცია „მიკროსაფინანსო ცენტრის“ (MFC) საბჭოს თავჯდომარედ აირჩიეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლიდან ამ დრომდე არჩილ ბაკურაძე MFC -ის დირექტორთა საბჭოს წევრი იყო.
არჩილ ბაკურაძე საფინანსო სფეროში საქმიანობს და „კრისტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა. რამდენიმე წლის განმავლობაში მას საქართველოს მიკროსაფინანსო ასოციაციის თავმჯდომარის პოზიცია ეკავა. პარალელურად კი იგი ხელმძღვანელობდა კოალიციას ფინანსური განათლებისთვის.
„ჩემთვის დიდი პატივია MFC-ის საბჭოს თავმჯდომარეობა, რადგან MFC არის განსაკუთრებული ორგანიზაცია, რომელიც 25 წელია გულმოდგინედ ემსახურებოდა მიკროსაფინანსო სექტორის განვითარებას ჩვენს რეგიონში. შთამბეჭდავია MFC-ის მიერ ჩაყრილი მყარი საფუძველი, ის პრინციპები, რომლებიც აქტუალურია, როგორც არასდროს, და მისი განსაკუთრებული მენეჯმენტისა და გუნდის თავდადება და გამბედაობა. გულწრფელ მადლობას ვუხდი საბჭოს, ჩემს პატივცემულ კოლეგებს ნდობისთვის და მოუთმენლად ველი ჩვენს ერთობლივ ძალისხმევას MFC-ის საქმიანობის წარმატების გასაგრძელებლად“- აღნიშნავს არჩილ ბაკურაძე.
ქალაქ ბუდვაში გამართული 25-ე შეხვედრა „მიკროსაფინანსო ცენტრის“ მიერ იყო ორგანიზებული. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე „მიკროსაფინანსო ცენტრმა“ „კრისტალს“ აქტიური წევრობისთვის საპატიო ჯილდოც გადასცა. „კრისტალი“ გაერთიანებას რამდენიმე წელია შეურთდა და ამ დროიდან მის საქმიანობაში ინტენსიურადაა ჩართული.
„მიკროსაფინანსო ცენტრი“, რომელიც გამოცდილი, მაღალი სანდოობისა და რეპუტაციის მქონე საერთაშორისო გაერთიანებაა, თანამშრომლობის ეფექტიან პლატფორმასა და პროფესიული განვითარების მექანიზმს წარმოადგენს. იგი ხელს უწყობს ფინანსური ჩართულობის დარგის შედეგიანობასა და მისი საქმიანობის სტანდარტების დაცვას. „მიკროსაფინანსო ცენტრი“ 114 ორგანიზაციას, მათ შორის ევროპისა და ცენტრალური აზიის 77 საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტს აერთიანებს. ყველა მათგანი ჯამში დაახლოებით 2 მილიონ დაბალშემოსავლიან მომხმარებელს ემსახურება.
დამატებითი ინფორმაციისთვის: https://mfc.org.pl/changes-in-the-mfc-council/
(რ)