მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არჩილ მესტვირიშვილის მიერ პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების პირობებში სებ-ი კარგ ხელშია - IMF

645cadd78deb9
შოთა ტყეშელაშვილი
11.05.23 13:06
550
სტატიაში საუბარია:
“ეროვნული ბანკი კარგ ხელშია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის მმართველობის პირობებში,”- განაცხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა.

სებ-ში გამართულ ბრიფინგზე IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა, ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა არჩილ მესტვირიშვილმა ფონდის პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ისაუბრეს, რის შემდეგაც მათ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

IMF-ის მისიის ხელმძღვანელმა, ჯეიმს ჯონმა უპასუხა BMG-ის კითხვას სებ-ის შესახებ კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელსაც თებერვალში პრეზიდენტმა ვეტო დაადო. ჯეიმს ჯონის განცხადებით, ფონდი პრეზიდენტის ვეტოს მიესალმება და მიიჩნევს, რომ პარლამენტში ინიცირებული კანონის მიღება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებდა.

“არსებობს ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის მკაფიო არჩევის წესი, რომელიც საოპერაციო პასუხისმგებლობებს განსაზღვრავს არ არის საჭირო ახალი წესების განსაზღვრა. ამასთან, ეროვნული ბანკი კარგ ხელშია პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მესტვირიშვილის მმართველობის პირობებში. როგორც ჩვენ მიერ თებერვალში გამოქვეყნებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, არაა საჭიროება შეიცვალოს მოქმედი კანონმდებლობა, ხოლო წარდგენილი საკანონმდებლო ცვლილებები ჩვენი შეფასებით, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობას საფრთხის ქვეშ აყენებდა. ჩვენ პრეზიდენტის ვეტოს მივესალმეთ,”- აცხადებს ჯეიმს ჯონი.

ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტს, საქართველოს პრეზიდენტმა ვეტო 23 თებერვალს დაადო. მაშინ სალომე ზურაბიშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ ხელისუფლებას სებ-ში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მისთვის სასურველი კანდიდატის არჩევა სურდა.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ პოსტი 2 მარტს დატოვა, მას შემდეგ სებ-ს ვიცე-პრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი მართავს. პარალელურად, გრძელდება სებ-ის საბჭოს კანდიდატობის შესარჩევი პროცესი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი ატარებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები