არგენტინა ახალი პროგრამის დანერგვაზე მუშაობს, რომლის ფარგლებშიც ქვეყნის მოქალაქეობა და ინვესტიციები პირველად დაუკავშირდება ერთმანეთს და არგენტინის პასპორტის მსურველებს მოქალაქეობის მიღების ახალ გზას შესთავაზებს.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, მთავრობა დამოუკიდებელ სააგენტოს შექმნის, რომელიც პროგრამას იმ ადამიანებისთვის მართავს, ვინც ქვეყანაში სულ მცირე $500 000 დოლარიანი ინვესტიციის გასაღებად არიან მზად. სააგენტო, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო უხელმძღვანელებს, საინვესტიციო პროექტებს შეაფასებს, პროგრამას საერთაშორისო ასპარეზზე წარმოაჩენს და მჭიდრო ურთიერთობა ექნება როგორც შინაგან საქმეთა, ასევე მიგრაციის სამინისტროებთან.
პროგრამა მიზნად ისეთი სექტორების განვითარებას ისახავს, როგორებიცაა ტექნოლოგია, ტურიზმი, განახლებადი ენერგია და სოფლის მეურნეობა.
განსხვავებით პასიური კაპიტალის განთავსებისგან, რასაც სხვა ქვეყნის იდენტური პროგრამები გულისხმობს, არგენტინის მიდგომა უპირატესობას ქვეყანაში სამუშაო ადგილების გაჩენისა და გრძელვადიან მოგებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს ანიჭებს.
მოქალაქეობის პროგრამა იმიგრაციის პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში იქმნება. ქვეყანა ცდილობს, არგენტინის ეკონომიკური აღდგენისა და განვითარებისთვის ქვეყანაში მდიდარი ბიზნესმენები და ინვესტორები მოიზიდოს. ქვეყანა არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგაც იბრძვის - ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ქვეყანაში არალეგალი მიგრანტების რაოდენობამ 1.7 მილიონი შეადგინა.




























