მიმდინარე წლის მესამე კვარტალში, არგენტინაში რეცესია დასრულდა. ივლისიდან სექტემბრამდე პერიოდში არგენტინის ეკონომიკა წინა კვარტალთან შედარებით 3.9%-ით გაიზარდა, რაც სამთვიან ჭრილში ზრდის პირველი შემთხვევაა, რომელიც 2023 წლის შემდეგ დაფიქსირდა, როცა სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკა რეცესიაში შევიდა.
თავად ეს ტერმინი, როგორც ცნობილია, მაშინ გამოიყენება, როცა ქვეყნის ეკონომიკა სულ მცირე ორი კვარტალის განმავლობაში მცირდება და გამომდინარე იქიდან, რომ წლიურად, ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 2.1%-ითაა შემცირებული, არგენტინაში რეცესიის დასრულება მხოლოდ ტექნიკური საკითხია.
არგენტინის ეკონომიკის გაჯანსაღება პირდაპირ უკავშირდება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, რომელთაც პრეზიდენტი ხავიერ მილეი ხელმძღვანელობს, რომელიც ქვეყნის მეთაურად ხელისუფლებამ გასული წლის ბოლოს აირჩია. ხავიერ მილეის ეკონომიკურად მემარჯვენე, ხშირად რადიკალურმა პოლიტიკამ დააჩქარა არამხოლოდ ქვეყნის ეკონომიკური ზრდა, არამედ კარდინალურად შეამცირა ინფლაცია, რომელიც ამ დრომდე, სამნიშნა იყო. JPMorgan-ის პროგნოზით, არგენტინის ეკონომიკა წელს 3%-ით შემცირდება, მაგრამ მომავალ 2025 წელს 5.2%-ით გაიზრდება, რითაც ქვეყნის მშპ პანდემიური 2021 წლის მაჩვენებელს დაუბრუნდება.
არგენტინა, რომელიც სამხრეთ ამერიკაში ზომით მეორე ეკონომიკას წარმოადგენს, ბუნებრივი რესურსებით, ნოყიერი მიწებით, შესანიშნავი ჰავით და ლამაზი ბუნებით დაჯილდოებული სახელმწიფოა. არგენტინის მთლიანი შიდა პროდუქტი $640 მილიარდია, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადათვლით $13,900-ის ტოლია. ამრიგად, არგენტინა სამხრეთ ამერიკაში მე-2, მსოფლიოში კი 27-ე ადგილს იკავებს. მსოფლიო ბანკის კლასიფიკაციის თანახმად, არგენტინა საშუალოზე მაღალი შემოსავლის მქონე სახელმწიფოა, რომელიც ცხოვრების დონით ტაილანდს და თურქეთს ედრება.
2023 წლის ბოლოდან, არგენტინას 54 წლის ლიბერტარიანელი პოლიტიკოსი, ხავიერ მილეი ხელმძღვანელობს. მილეის წინასაარჩევნო დაპირებების დიდი ნაწილი პოპულისტურ განცხადებებს ეფუძნებოდა, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ინფლაციის განადგურება და სახელმწიფოს როლის შემცირება. წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ხავიერ მილეიმ დადო პირობა რომ გააუქმებს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და ეკონომიკას ამერიკულ დოლარზე გადაიყვანს, რითაც მას არგენტინული პესოს ჩანაცვლება სურს, რადგან ეროვნული ვალუტა არამყარი გამოდგა.
არგენტინის პრეზიდენტის წინასაარჩევნო დაპირებების ნაწილი გამართლდა, ნაწილი კი ჯერაც შესასრულებელია. რამდენიმე თვის წინ, მილეიმ ქვეყნის ფინანსური სტრუქტურის რეფორმა დაიწყო, რომლის ფარგლებში საგადასახადო სამსახური გააუქმა. შედეგად, არგენტინაში ახალი ორგანო - საბაჟო კონტროლისა და გადასახადების აკრეფის სააგენტო შეიქმნა, რომელმაც გაუქმებული საგადასახადო სამსახურის და საბაჟო დეპარტამენტის ფუნქციები შეითავსა. ახალი უწყება გაცილებით ნაკლებად ბიუროკრატიულია, რითაც პრეზიდენტი ყოველწლიურად $5.3 მილიარდის დაზოგვას აპირებს.
ხავიერ მილეის გადაწყვეტილებების შედეგად არგენტინის დეფოლტის რისკი 2019 წლის დასაწყისში დაფიქსირებულ მინიმუმამდე შემცირდა. 2024 წლის ნოემბრის მონაცემებით, არგენტინის ქვეყნის რისკის ინდექსი 800-პუნქტიან მაჩვენებელს ჩამორჩა, არადა იყო დრო, თანაც შარშან, როცა ინდექსის მაჩვენებელი 2,500 ქულას აღემატებოდა. თავად ეს საზომი ერთ-ერთი ყველაზე სანდოა, რადგან არგენტინა სწორედ ის ქვეყანაა, რომელსაც დეფოლტი არაერთხელ გამოუცხადებია — უკანასკნელად, ასეთი შემთხვევა 2020 წელს მოხდა.