მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვინ არის არგენტინის ახალი პრეზიდენტი, ხავიერ მილეი?

ხავიერ მილეი

არგენტინას ახალი პრეზიდენტი ჰყავს - ამ თანამდებობაზე სამხრეთ ამერიკის რიგით მეორე უმსხვილესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს მოსახლეობამ 53 წლის ლიბერტარიანელი პოლიტიკოსი, ხავიერ მილეი დაამტკიცა. მილეის წინასაარჩევნო დაპირებების დიდი ნაწილი პოპულისტურ განცხადებებს ეფუძნებოდა, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ინფლაციის ამოძირკვა და სახელმწიფოს როლის შემცირება.

არჩევნების შედეგად, ხავიერ მილეიმ ხმათა 55.7% მიიღო, როცა მისმა მთავარ კონკურენტს, ცენტრისტ-მემარცხენე ფინანსისტ სერხიო მასას მოსახლეობის 44.3%-მა დაუჭირა მხარი. უშუალოდ ხმების რაოდენობას თუ შევხედავთ, მილეიმ მასას ერთბაშად 2.9 მილიონი ხმით მეტი მიიღო.

“ეს ისტორიული საღამოა - დღეს არგენტინის რეკონსტრუქცია იწყება”, - ასე გამოეხმაურა ხავიერ მილეი არგენტინის პრეზიდენტად არჩევას და დასძინა, რომ გამარჯვება, მისი აზრით, სასწაული იყო. ამასთან, მილეიმ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ დაასრულებს არგენტინაში დამდგარ ტრაგიკულ რეალობას და სიღარიბეს და დასძინა, რომ “არგენტინა მსოფლიოში საკუთარ ადგილს დაიბრუნებს - იმ ადგილს, რომელიც მას არ უნდა დაეკარგა”.

პოლიტიკურ ნარატივს, რომელსაც ხავიერ მილეი ავრცელებს, ხშირად ვხვდებით მისი მხარდამჭერების რიტორიკაშიც, რადგან, როგორც გამოჩნდა, არგენტინის მოსახლეობის უმეტესობას სჯერა, რომ 53 წლის პოლიტიკოსს სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური კრიზისიდან ამოყვანა შეუძლია. ხავიერ მილეი პროფესიით ეკონომისტია და პირველი პოლიტიკური თანამდებობა 2021 წელს დაიკავა, როცა არგენტინის ეროვნული კონგრესის ქვედა პალატის წევრად აირჩიეს.

წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ხავიერ მილეიმ დადო პირობა, რომ გააუქმებს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და ეკონომიკას ამერიკულ დოლარზე გადაიყვანს, რითაც მას არგენტინული პესოს ჩანაცვლება სურს, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში ამერიკულ დოლართან მიმართებით 53.9%-ითაა გაუფასურებული. ამასთან, ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს რეკორდულად მაღალი ინფლაციაც, რომელიც ამჟამად 143%-ს შეადგენს.

საინტერესოა, რომ ხავიერ მილეის გამარჯვებას მალევე გამოეხმაურნენ მსოფლიოს სხვა ქვეყნის ლიდერები, რომლებიც ასევე შემჩნეულნი არიან პოპულისტური პოლიტიკის გატარებაში. ბრაზილიის ყოფილმა პრეზიდენტმა, ჟაირ ბოლსონარუმ განაცხადა, რომ “სამხრეთ ამერიკაში იმედის ნაპერწკალი გაჩნდა”, ხოლო აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაწერა, რომ მილეით ამაყობს და დარწმუნებულია, რომ ის არგენტინას კვლავაც ძლიერ ქვეყნად აქცევს. ხავიერ მილეის გაპრეზიდენტებას მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი, ილონ მასკიც გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ არგენტინას წინ - კეთილდღეობა ელის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები