არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ ქვეყნის ყოფილი ფინანსთა მინისტრი და არგენტინის ცენტრალური ბანკის ყოფილი ხელმძღვანელი, ლუის კაპუტო კარგი კანდიდატი იქნება მის ახალ კაბინეტში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობის დასაკავებლად. მილეის არ უთქვამს, რომ არგენტინის ახალ სამთავრობო კაბინეტში კაპუტო აუცილებლად გამოჩნდებოდა, მაგრამ არ უარუყვია, რომ ის გარდამავალ მთავრობასა და საერთაშორისო სავალუტო ფონდს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში მონაწილეობს.
“უდავოა, რომ კაპუტოს აქვს უნარები, რომ ეს თანამდებობა დაიკავოს”, - განაცხადა მილეიმ ინტერვიუში და დასძინა, რომ “კაპუტოს აქვს ექსპერტული ცოდნა, რომლითაც არგენტინაში არსებული მონეტარული პრობლემის გადაჭრა და საბაზრო გადაწყვეტილების მოფიქრება შეუძლია, რომლითაც ცენტრალური ბანკის ვალის და ვალუტაზე დაწესებული კონტროლის პრობლემები მოგვარდება”.
ლუის კაპუტო არგენტინის ფინანსთა მინისტრის თანამდებობას წინა პრეზიდენტის, მაურისიო მაკრის სამთავრობო კაბინეტში იკავებდა და სწორედ მას უკავშირდება $16.5 მილიარდის მოცულობის სახელმწიფო ბონდების რესტრუქტურიზაციის საკითხი. მოგვიანებით, კაპუტოს ხელმძღვანელობით არგენტინამ 100-წლიანი სახელმწიფო ბონდები გამოუშვა.
უკანასკნელ ინტერვიუში ხავიერ მილეიმ სხვა გადაწყვეტილებების შესახებად ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვალუტაზე დაწესებულ კონტროლს მანამ არ მოხსნის, სანამ ცენტრალური ბანკის მოკლევადიანი ვალდებულებების პრობლემა არ მოგვარდება. ამასთან, არგენტინის ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა ემილიო ოკამპოს დოლარიზაციის გეგმისგანაც დისტანცირდა, არადა წინასაარჩევნო პერიოდში, ცენტრალური ბანკის მომავალ მმართველად მილეი სწორედ ოკამპოს ასახელებდა. ხავიერ მილეის განცხადებით, ის კვლავ გეგმავს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საწარმოების პრივატიზებას, ხოლო ინფლაციის პრობლემა, მისი შეფასებით, მნიშვნელოვნად დაიკლებს მომდევნო 1.5-2 წლის განმავლობაში.
შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დროს, ხავიერ მილეიმ დადო პირობა, რომ გააუქმებს ქვეყნის ცენტრალურ ბანკს და ეკონომიკას ამერიკულ დოლარზე გადაიყვანს, რითაც მას არგენტინული პესოს ჩანაცვლება სურს, რომელიც გასული ერთი წლის განმავლობაში ამერიკულ დოლართან მიმართებით 53.9%-ითაა გაუფასურებული. ამასთან, ქვეყანაში არსებულ სიღარიბეს რეკორდულად მაღალი ინფლაციაც, რომელიც ამჟამად 143%-ს შეადგენს.