2023 წლის ოქტომბერ-ნოემბერში არგენტინაში ჩატარდა საპრეზიდენტო არჩევნები სადაც უპრეცედენტო შემთხვევა დაფიქსირდა. არჩევნებში გაიმარჯვა ლიბერტარიანული კოალიციის წარმომადგენელმა ხავიერ მილეიმ. ამ დრომდე არჩევნებში არასდროს გაუმარჯვია ლიბერტარიანელ კანდიდატს და შესაბამისად არასდროს არცერთი ქვეყნის მმართველი არ ყოფილა ლიბერტარიანული ფრთის წარმომადგენელი. ამ მოვლენას უფრო საინტერესოს ხდის ის ფაქტი, რომ იმ კოალიციას, რომელსაც მილეი წარმოიადგენს პარლამენტში 0 სენატორი და მხოლოდ ოთხი დეპუტატი ჰყავს წარმოდგენილი. საინტერესოა თუ რამ განაპირობა არგენტინის პოლიტიკაში ასეთი მკვეთრი ცვლილება.
პირველ ტურში მილეი ხუთი კანდიდატიდან მეორე ადგილზე გავიდა, ის მხოლოდ სამთავრობო კოალიციის კანდიდატ სერხიო მასას ჩამორჩებოდა. მეორე ტურში კი მილეიმ მას დამაჯარებლად სძლია. არჩევნებზე მისულმა 14.5 მილიონმა მოქალაქემ ხმა მას მისცა (55.7%); ხოლო სერხიო მასამ კი 11.5 მილიონი ხმა (44.3%) მოიპოვა. ხავიერ მილეი პრეზიდენტის პოსტს 10 დეკემბერს გადაიბარებს. გლობალურ მედიაში ხავიერ მილეის ძირითადად ლიბერტარიანელად, ულტრა-მემარჯვენედ ან რადიკალად მოიხსენიებენ. არჩევნებში მისი მოწინააღმდეგეები კი მემარცხენე-ცენტრისტულ და მემარჯვენე-ცენტრისტულ კანდიატებად პოზიციონიერბდნენ. ხავიერ მილეის ჯერ კიდევ წინა წელს მესამე ადგილს უწინასწარმეტყველებდნენ და ამის მიზეზი ის იყო, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მხოლოდ ორი კოალიციის, “ერთად ცვლილებისთვის” და “გაერთიანება სამშობლოსთვის” წარმომადგენლები ანაცვლებდენენ ერთმანეთს.
საინტერესოა კონკრეტულად რა მიზეზებმა შეძლო ამ წრის გარღვევა, რა პრობლემები წარმოშვეს ან ვერ გადაჭრეს წინა მთავრობებმა და რას მოიმოქმედებს მილეი ან რას ჰპირდება ამომრჩეველს ამ პრობლემების წინააღმდეგ. პირველი პრობლემა რომელიც ხალხს აწუხებს არის ინფლაცია. არგენტინას ათწლეულებია აწუხებს ინფლაციის მაღალი დონე. თუ განვითარებული ქვეყნების საშუალო ინფლაციის მაჩვენებელი არის 2-4%, არგენტინაში ეს რიცხვი 10-ჯერ და 15-ჯერ მაღალია და ქვეყანა ხშირად ჰიპერინფლაციის ზონაშიც გადადის. ეს ტენდენცია არც 2023 წელს შეწყვეტილა და არგენტინის ცენტრალურმა ბანკმა ამ წელს 185%-იანი ინფლაცია ივარაუდა. მას შემდეგ რაც ქვეყანამ ბოლო ჰიპერინფლაცია განიცადა წელს არგენტინაში ფასების ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი დაფიქსირდა. წინა მთავრობების მხრიდან ამაზე პასუხი იყო ფასების კონტროლი, ასევე სუბსიდირების პროგრამები და ა.შ. რამაც ფაქტია არ იმუშავა. მილეის აზრით კი პესოს გაუფასურების და ინფლაციის მთავარი წყარო ცენტრალური ბანკია, ამიტომაც ის ჰპირდებოდა საზოგადოებას, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში ცენტრალურ ბანკს გააუქმებდა. მან ერთ ვიდეოში ცენტრალური ბანკის ფორმის პინიატაც დაამსხვრია. პესოს სანაცვლოდ კი ეკონომიკის დოლარიზაციას გეგმავს და ხალხს სხვა ვალუტებით ვაჭრობის უფლებას მისცემს.
კიდევ ერთი სენი, რომელიც არგენტინას აწუხებს არის პოპულისტური მმართველობის სტილი, რომელიც წლების განმავლობაში პერონისტული და კირჩნერისტული ხელისუფლებების მხრიდან ტარდებოდა. დეოლოგია პერონიზმი მომდინარეობს არგენტინის პრეზიდენტი ხუან პერონის მმართველობიდან. ამ იდეოლოგიას თავდაპირველი ფორმით იტალიურ ფაშიზმთანაც ჰქონდა კავშირი, შემდეგ კი უფრო მეტად პოპულისტური, ამომრჩეველზე ორიენტირებული მემარცხენე ცენტრისტული იდეოლოგია გახდა. ამ იდეოლოგიის მატარებელი კოალიციის კანდიდატები ხდებოდნენ ძირითადად ქვეყნის სათავეში და მათი ქვეყანაზე გავლენა აშკარაა. არგენტინა კორუფციის ინდექსით მსოფლიოში 78-ე ადგილს იკავებს, პოლიტიკური პოლარიზაცია უკვე ნახსენებ ორ კოალიციას შორის ძალიან მაღალია, არის ინფლაციის ძალიან მაღალი დონე, ქვეყანამ 9-ჯერ განიცადა დეფოლტი და აქედან 3 ამ საუკუნეში. ამ მიზეზების გამო ინვესტორებითვისაც ნაკლებად მიმზიდველია არგენტინა და ეს რიცხვებშიც აისახება, არგენტინა ქვეყანაში ინვესტიციის რისკების დონით მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავეა.
ხავიერ მილეის არჩევა საზოგადოების მხრიდან ერთგვარი გამოძახილი იყო მემარცხენე იდეოლოგიის და მმართველების მიმართ. ხავიერ მილეი ამომრჩეველს ბიუჯეტის მკვეთრ შემცირებას, არასაჭირო სამინისტროების გაუქმებას და გადასახადების შემცირებას ჰპირდება. მილეის რევოლუციური ცვლილებების იდეები უფრო მიმზიდველი აღმოჩნდა საზოგადოებისთვის ვიდრე სხვა კანდიდატების დაპირებები.
როდესაც ხავიერ მილეის ჰკითხეს თუ რამ განაპირობა არჩევნებში მისი გამარჯვება, მან ორი მიზეზი დაასახელა. პირველი მიზეზი იყო პოლიტიკურ-ეკონომიკური, მეორე მიზეზი კი საკუთარი ხასიათი და წარსული დაასახელა, რასაც ბევრმა მედიამ გუსვა ხაზი. მილეის თავისი ქარიზმის გამო ტრამპს ამსგავსებდნენ. რაც შეეხება მის წარსულს ის როკ-მუსიკოსი და ფეხბურთელი იყო და მისივე თქმით ახალგაზრდებში ასეთი პერსონაჟი ძალიან პოპულარულია. საბოლოო ჯამში კი მივიღეთ შედეგი რომელიც ბევრის აზრით ძალიან საინტერესოა და საერთაშორისო დონეზე არგენტინას გამადიდებელი შუშით აკვირდებიან და ელოდებიან თუ რა შედეგებს გამოიღებს ლიბერტარიანული იდეები არგენტინაში.