ესპანეთსა და არგენტინას შორის დიპლომატიური კრიზისი დაიწყო. ესპანეთმა არგენტინიდან ელჩი გაიწვია. პედრო სანჩესის ეს გადაწყვეტილება არგენტინის პრეზიდენტის, ხავიერ მილეის მიერ გასულ კვირას, მემარჯვენე ლიდერების შეკრებაზე გაკეთებულ განცხადებას უკავშირდება, რომლითაც მან ესპანეთის პრემიერ-მინისტრის მეუღლე, ბეგონია გომესი კორუფციაში დაადანაშაულა.
ელჩის გაწვევასთან ერთად, ესპანეთმა არგენტინის პრეზიდენტს საჯარო ბოდიშიც მოსთხოვა, მაგრამ ხავიერ მილეიმ განაცხადა, რომ არც ბოდიშის მოხდას გეგმავს და არც ქვეყნიდან საკუთარი ელჩის გაწვევას, რადგან ეს, “სულელური გადაწყვეტილება” იქნებოდა.
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის ამ გადაწყვეტილებას უარყოფითად აფასებენ ოპოზიციური პარტიების ნაწილში. როგორც ესპანეთის “სახალხო პარტიაში” ამბობენ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკას ერთი ადამიანი არ უნდა განსაზღვრავდეს, ხოლო ელჩის გაწვევის შემდეგ ესპანურ კომპანიებს არგენტინაში მუშაობა გაუჭირდებათ. ესპანელი ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრემიერ-მინისტრს იმასაც ახსენებენ, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ესპანეთს რუსეთიდან ელჩი არ გამოუწვევია.
შეგახსენებთ, რომ არგენტინის პრეზიდენტის პოსტი ლიბერტარიანელმა პოლიტიკოსმა, ხავიერ მილეიმ გასული წლის ნოემბერში დაიკავა. მილეის წინასაარჩევნო დაპირებების დიდი ნაწილი პოპულისტურ განცხადებებს ეფუძნებოდა, მათ შორის მნიშვნელოვანი იყო ინფლაციის ამოძირკვა და სახელმწიფოს როლის შემცირება.