არგენტინის ახალმა პრეზიდენტმა, ხავიერ მილეიმ რამდენიმე დღის წინ დაანონსებული “შოკური თერაპიის” გატარება დაიწყო, რის შედეგადაც ქვეყნის ხელისუფლებამ სამთავრობო დანახარჯების მკვეთრად შემცირების და ქვეყნის ეროვნული ვალუტის, არგენტინული პესოს 54%-ით გაუფასურების გადაწყვეტილება მიიღო. ამჟამად, ერთი ამერიკული დოლარი 800 პერსო ღირს, როცა იმ დროს, სანამ ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი, ლუის კაპუტო ამ გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ერთი დოლარი ქვეყანაში 366.5 პესოდ ივაჭრებოდა.
“ქვეყანაში ფული აღარ არის”, - რამდენიმეჯერ განაცხადა ლუის კაპუტომ მის სატელევიზიო მიმართვაში და აღნიშნა, რომ ქვეყანამ ფისკალურ დეფიციტზე მის დამოკიდებულებაზე, ერთხელ და სამუდამოდ უარი უნდა თქვას.
არგენტინის ახალი ხელისუფლების გადაწყვეტილებებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორი, კრისტალინა გეორგიევა გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ხავიერ მილეის კაბინეტის ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან წინ გადადგმული ნაბიჯს წარმოადგენს არგენტინაში ეკონომიკური სტაბილურობის ჩამოყალიბების გზაზე.
არგენტინული პესოს გაუფასურების გარდა, როგორც გითხარით, არგენტინის ხელისუფლებამ სამთავრობო დანახარჯების შემცირების გადაწყვეტილებაც მიიღო. ამ შემთხვევაში, კორექცია მთლიანი ეროვნული პროდუქტის 2.9%-ის ტოლია და პროცესში მცირდება, როგორც ენერგეტიკული, ასევე სატრანსპორტო სუბსიდიები. პარალელურად ამისა, მომავალ წელს, არგენტინის ხელისუფლება სამთავრობო შემოსავლის 2.2%-ით გაზრდას ვარაუდობს.
სხვადასხვა პროგნოზებით, 2023 წელს, არგენტინის ეკონომიკა 3.5%-ით შემცირდება, რაც განპირობებულია, როგორც წარმოუდგენლად მაღალი 140%-იანი ინფლაციით, ასევე სიღარიბის კატასტროფული მაჩვენებლით, რომელიც, სხვადასხვა დათვლებით, 40%-ს აღემატება. ამ ყველაფრის ფონზე, ცხადია, ქვეყანაში იზრდება რეფინანსირების განაკვეთი, რომელიც, ამჟამად, 133%-ს შეადგენს.