"ქვეყანაში საინვესტიციო გარემო დადებითად არ შეიძლება ჩაითვალოს", - ამის შესახებ "საქმის კურსის" ეთერში გიგა ბედინეიშვილმა განაცხადა. როგორც ფინანსისტმა აღნიშნა, ინვესტიციების მოზიდვა იმაზეა დამოკიდებული, როგორი სიტუაციაა საქართველოში.
"ფაქტია, მთლიანი რიცხვები სულ არ არის განსაკუთრებით მომხიბვლელი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ ინვესტიციებს ვერ ვნახავ. დიახ, დაძაბულობა არის, რომ ქვეყანა გეოპოლიტიკურ ორიენტაციას იცვლის და ამან საინვესტიციო ნაკადების შემცირება უნდა გამოიწვიოს, მაგრამ მეორე მხრივ, არსებობს იმედი, რომ არჩევნებმა ახალი საინვესტიციო რეალობა მოიტანოს, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" დამარცხების შემთხვევაში", - აღნიშნა მან.
პირველ 6 თვეში საქართველოში ინვესტიციები შემცირდა. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, იანვარ-ივნისში ქვეყანაში 768 მილიონ 600 ათასი დოლარის უცხოური ინვესტიცია მიიღო, რაც წლიურად 34%-ით ნაკლებია. რაც შეეხება მეორე კვარტალს. სააქციო კაპიტალის და სავალო ვალდებულებების მაჩვენებლის ზრდის შედეგად, აპრილ-ივნისში ინვესტიციები 10.3%-ით გაიზარდა.
გიგა ბედინეიშვილს მესამე კვარტალის და არჩევნებამდე საინვესტიციო მოცულობის პროგნოზირება უჭირს, თუმცა აღნიშნავს, რომ არსებობენ ინვესტორები, რომლებიც არჩევნებამდე ისპეკულირებენ.
"შეიძლება არსებობენ ინვესტორები, რომლებიც თავს შეიკავებენ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებისგან არჩევნებამდე, მაგრამ არსებობენ ინვესტორები, რომლებმაც, შეიძლება, არჩევნებამდე ისპეკულირონ, კარგი გაგებით და იმ იმედით, რომ არჩევნები ქვეყანაში სიტუაციას შეცვლის. გადაწყვეტილებები მხოლოდ დღევანდელ მდგომარეობას კი რ უკავშირდება, არამედ მოლოდინებს, რა იქნება მომავალში. შეიძლება, არსებობდეს ნაწილი, რომელიც იმედიანად უყურებს არჩევნებს და მიაჩნია, რომ ოქტომბრის არჩევნები ქვეყანაში ეკონომიკური გარღვევის წინაპირობას შექმნის და იმის ნაცვლად, რომ ამ არჩევნებს დაელოდოს, ინვესტიციების ზრდაზე გადაწყვეტილებას დღესვე მიიღებს. მეორეა ის, რომ ვიღაცას, შეიძლება ეშინოდეს და რთული სათქმელია, ამ ფაქტორებიდან ინვესტიციებზე გავლენას რომელი იქონიებს", - განაცხადა გიგა ბედინეიშვილმა.