ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩევა BM.GE-სთან ბიზნესმენმა ლევან ყარალაშვილმა შეაფასა. მისი თქმით, ჯერ-ჯერობით, რთული განსასაზღვრია, როგორ იმოქმედებს ეს ცვლილება ფინანსურ ინსტიტუტზე.
„ნათია თურნავას რა თქმა უნდა, მივულოცავ, თუმცა აქ უფრო სხვა საკითხი ისმება, რეალურად რამდენად აქტიური იქნება და რამდენად პროფესიონალური ხაზით ხდება კანდიდატის არჩევა. როგორც ყოფილი ბანკირი, ვფიქრობ, ეროვნული ბანკი საკმაოდ ძლიერი და დამოუკიდებელი ინსტიტუტი იყო წლების განმავლობაში. პირველი დარტყმა მან გვენეტაძის დროს ნამდვილად მიიღო, იმ გადაწყვეტილებების ფონზე, რაც, მაგალითად, TBC ბანკსა და ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეს ეხებოდა. ვფიქრობ, დღევანდელ მოცემულობაში არის მცდელობა, რომ ამ ინსტიტუტზე სახელისუფლებო კონტროლი გაიზარდოს, რაც, რაში გადაიზრდება - რთული შესაფასებელია“, - ამბობს ყარალაშვილი.
მისი თქმით, ამის წინაპირობად, შესაძლოა, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები იქცა, რაც სებ-ის დამოუკიდებლობაზე დამატებით კითხვებს აჩენს.
„შეიძლება იყოს რისკი, რომ ის კონტროლი, რასაც ახორციელებენ, თუნდაც საერთაშორისო სავალუტო ფონდი და მისი წარმომადგენლები საქართველოში, სუსტდება. რა თქმა უნდა, შეიძლება კითხვები გაჩნდეს, რამდენად დამოუკიდებელი შეიძლება დარჩეს ეს ინსტიტუტი ამ გადაწყვეტილების შემდეგ, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ დღემდე პრეზიდენტის არჩევა ვერ ხერხდება. ყველაფერი ეს, ალბათ, ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს, რისკებიც შეიძლება გაიზარდოს, თუმცა იმედი მაქვს, ეს არ გადაიზრდება ევროპის და აშშ-ს მხრიდან დამატებით სანქციებზე, რომლის გავლენის ქვეშაც ჩვენი ფინანსური სექტორი შეიძლება მოექცეს“, - აცხადებს ლევან ყარალაშვილი.
კითხვაზე, კონკრეტულად რა რისკების ქვეშ დგას ადგილობრივი საბანკო სისტემა, ბიზნესმენი განმარტავს რომ კონტროლის მექანიზმის შესუსტება ნეგატიურ გავლენას იქონიებს სისტემის ფუნქციონირებაზე.
„ეროვნული ბანკი არის მარეგულირებელი ინსტიტუტი. მას აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ კომერციულ ბანკზე მოახდინოს გავლენა და შესაბამისი პროცესები მართოს. ამას ემატება სამსახურის ე.წ. ფინანსური მონიტორინგი, რომელიც ასევე ეროვნული ბანკის ქვეშაა და ნებისმიერ ტრანზაქციას კონტროლს უწევს. ავტომატურად, გაზრდილი რუსული ბიზნესების ფონზე, ქვეყანაში შემოსული გაზრდილი ფინანსური ნაკადების ფონზე, ამ კონტროლის მექანიზმების შესუსტება, ნეგატიურ გავლენას მოახდენს ზოგადად სისტემის ფუნქციონირებაზე და რა თქმა უნდა, ჩვენი საბანკო სისტემა, რომელიც სრულად არის ინტეგრირებული ევროპულ და ამერიკულ სისტემასთან, შესაძლოა, დიდი რისკის ქვეშ დადგეს. მიჭირს უფრო კონკრეტულ რაღაცაზე საუბარი, თუმცა ეს არის ზედაპირზე დადებული რისკები, რომლებიც ერთი შეხედვით პირდაპირ ჩანს“, - აღნიშნავს ყარალაშვილი.
რაც შეეხება ბიზნესსექტორის მოლოდინებს თურნავას ვიცე-პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, ყარალაშვილი აღნიშნავს, რომ მთავარია, ეროვნულმა ბანკმა საკუთარი მისიის შესრულება გააგრძელოს: „ეს ორი მიმართულებით გამოიხატება: ინფლაცია და ლარის კურსის სტაბილურობის შენარჩუნება. ამ ჭრილში თუ გაიზრდება ეროვნული ბანკის მიმართ უნდობლობა, რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა, რაღაც რყევებში გადაიზარდოს. იმედი მაქვს, პანდემიიდან გამოსულ ეკონომიკას და ჩვენს სექტორში არსებულ მზარდ ტენდენციას, ეს რისკის ქვეშ არ დააყენებს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭომ უწყების პირველ ვიცე-პრეზიდენტად ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ნათია თურნავა 22 ივნისს აირჩია.