საქართველოს მთავრობამ 70,000 მაყურებელზე გათვლილი ახალი სტადიონის აშენებისთვის 876 მილიონი ლარის ღირებულების საერთაშორისო ტენდერი გამოაცხადა. სტადიონისთვის შერჩეული 270,615 კვადრატული მეტრის ტერიტორია კახეთის გზატკეცილზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გადასახვევთან მდებარეობს.
აღნიშნული მიწის ნაკვეთის მინიმალური დაშორება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან 1,500 მეტრს შეადგენს. აღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობის მიერ გამოცხადებული შესყიდვის სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებულია რომ სტადიონი ექცევა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების ზონაში, რის გამოც აუცილებელია შეფასდეს მისი გავლენა საჰაერო მოძრაობაზე.
ამასთან, დოკუმენტში მითითებულია რომ მას შემდეგ რაც აეროპორტი ვაზიანში გადავა მსგავსი გავლენა აღარ იარსებებს.
"სტადიონის საპროექტო ტერიტორია მდებარეობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უსაფრთხოების ზონაში, აეროპორტის მოპირდაპირე მხარეს. ვაზიანის აეროპორტის მშენებლობის შემთხვევაში, ვაზიანის ახალი სტადიონის ტერიტორია მოხვდება აფრენისა და დაშვების ზოლების ზეგავლენის არეში და ბილიკიდან დაშორებული იქნება დაახლოებით 7500-7800 მეტრით. მიუხედავად იმისა, რომ სტადიონის ტერიტორია ვაზიანის აეროდრომიდან მნიშვნელოვნად დაშორებულია და განლაგებულია დაცულ ზონაში, დამატებით აუცილებელი იქნება სტადიონის განათების, ფეიერვერკების, ლაზერების, დრონების და სხვა მსგავსი ფაქტორების ზემოქმედების შეფასება. აერონავიგაციური (საავიაციო) კვლევის საფუძველზე (რაც არ არის წინამდებარე ტექნიკური დავალების საგანი და შესრულდება ცალკე) დადგინდება ზემოქმედება ინსტრუმენტული ფრენის პროცედურებზე; ზემოქმედება ვიზუალური ფრენის პროცედურებზე; ზემოქმედება სანავიგაციო საშუალებების ფუნქციონირებაზე,"- ნათქვამია შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ტექნიკურ დოკუმენტაციაში.
იქიდან გამომდინარე რომ არსებული ვადებით, ტენდერში წინადადებების წარდგენა 29 სექტემბერს სრულდება, ხოლო თავად შერჩევა/შეფასების პროცესს არანაკლებ რამდენიმე თვე დასჭირდება, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას კი პროექტის დასრულებისთვის 51 თვე ანუ 4 წელი და 3 თვე ექნება (2029-2030 წლები) არსებობს ალბათობა, რომ აღნიშნული პერიოდისთვის თავად აეროპორტი უკვე ვაზიანში იყოს გადატანილი. ან ამ ობიექტების ერთმანეთის მიმდებარედ ფუნქციონირების თანაკვეთა მხოლოდ რამდენიმე წელს შეადგენდეს.
ახალი სტადიონისთვის შერჩეული ტერიტორიის დაშორება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენ ბილიკთან.





























