მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არის თუ არა საქართველოს სავალუტო რეზერვები ადეკვატურ დონეზე - IMF-ის მოსაზრება

5de606376a472
შოთა ტყეშელაშვილი
03.12.19 11:00
1407
2019 წლის იანვრიდან ივნისის განმავლობაში ეროვნული ბანკი სავალუტო ინტერვენციებისა და სავალუტო ოფციონების გზით, ბაზრიდან დოლარს ყიდულობდა. ამ ინტერვენციებს ეროვნული ბანკი ქვეყნის სავალუტო რეზერვების ზრდისთვის ახორციელებდა, რაც აღნიშნულ პერიოდში საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით ადეკვატურ ნიშნულს ჩამორჩებოდა. 

პირდაპირი ინტერვენციების გზით, სებ-მა $165 მილიონი დოლარი შეისყიდა, ხოლო სავალუტო ოფციების სახით 650 მილიონი ლარის (დღევანდელი კურსით $218 მლნ) შესყიდვის ვალდებულება აიღო, საიდანაც ფაქტობრივად 136 მილიონი ლარის (დღევანდელი კურსით $46 მლნ) ოფციებია შესყიდული. 

თუმცა, 2019 წლის აგვისტოდან ეროვნული ბანკი ლარის პიკური გაუფასურების შესარბილებლად რეზერვებს ყიდის. ჯამურად, სებ-მა $92.8 მილიონის რეზერვები გაყიდა. 

BMG ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკის შესახებ საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ სელიმ ჩექირს ესაუბრა. ჩექირის შეფასებით, დღეს, ქვეყნის რეზერვები ადეკვატურ ნიშნულთან ახლოსაა. 

- თქვენი ერთ-ერთი ძირითადი რეკომენდაცია ეროვნული ბანკის მიმართ ეხებოდა ქვეყნის სავალუტო რეზერვების ზრდას, რისთვისაც ეროვნული ბანკი შესაბამის ნაბიჯებს დგამდა და წლის დასაწყისში რეზერვებს ყიდულობდა. ფიქრობთ თუ არა რომ რეზერვებმა ადეკვატურ ნიშნულს მიაღწია? 

 - ჩვენ უნდა შევხედოთ დროში როგორ იზრდებოდა რეზერვების მოცულობა. საქართველოს ეროვნული ბანკი რეზერვებს ყიდულობდა წლის დასაწყისში, მაშინ, როდესაც სავალუტო შემოდინებები იყო შედარებით მაღალი. თუმცა, აგვისტოს შემდგომ საქართველოს ეროვნული ბანკი პირიქით, ყიდის სავალუტო რეზერვებს. აგვისტოში 32 მილიონი გაყიდეს, სექტემბერში 40 მილიონი დოლარი, 20 მილიონი დოლარი კი ახლა. თუმცა, ამის მიუხედავად, წლიურ ჭრილში დაახლოებით $120 მილიონით არის გაზრდილი რეზერვების მოცულობა. 

არის თუ არა რეზერვების ეს დონე ადეკვატური? - ამის გასაზომად სავალუტო ფონდი შეფასების სპეციალურ სკალას იყენებს. ამ შეფასებაში ჩვენ ვუყურებთ ფარავს თუ არა სავალუტო რეზერვები ქვეყნის წინაშე მდგარ მოკლევადიან ვალდებულებებს? ამ სკალაზე რეზერვების ადეკვატურ დონედ ითვლება 100-დან 150 ქულამდე მაჩვენებელი. საქართველო 100 ქულასთან საკმაოდ ახლოსაა. მგონი საქართველოს 99 ქულა აქვს ამ მხრივ, მაგრამ უფრო კომფორტულად ვიგრძნობდით თავს, ცხადია ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის საბაზრო პირობებზე, სავალუტო შემოდინებებსა და სებ-ის შესაძლებლობაზე დააგროვოს რეზერვები. როგოც გითხარით, ცენტრალური ბანკი უფრო მძიმე პერიოდში რეზერვებს ხარჯავს და უფრო უკეთეს ვითარებაში რეზერვებს აგროვებდა. 



რა არის სავალუტო რეზერვი?

სავალუტო რეზერვები ქვეყნის ეკონომიკის შეფასების ერთ-ერთი წამყვანი ინდიკატორია. ეს თანხა არის ის სიმდიდრე, რომელიც ეკონომიკური კრიზისების, საგარეო ან საშინაო შოკების შემთხვევაში, ქვეყნის ეკონომიკას იცავს და მისთვის ერთგვარი ბუფერის როლს ასრულებს. სავალუტო რეზერვების მოცულობა ამასთანავე ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი ინდიკატორია - თუ მისი მოცულობა ადეკვატურია, ეს ინვესტორებისა და საერთაშორისო კრედიტორებისთვის ნათელი სიგნალია, რომ ქვეყანაში საქმიანობა შედარებით დაბალ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, სავალუტო რეზერვები პირდაპირ არის დაკავშირებული ქვეყნის საკრედიტო რეიტინგსა და ინვესტორთა ნდობასთან. 

მეტიც, ის მოლოდინების ჩამოყალიბებაზეც ახდენს გავლენას. თუ საფინანსო სექტორი ხედავს, რომ რეზერვების მოცულობა მცირეა ან სახელმწიფო მის ადეკვატურად გამოყენებას ვერ ახერხებს, მაშინ იმის ალბათობა, რომ თუნდაც მცირე კრიზისი გამწვავდეს და ეკონომიკურ რეცესიაში გადაიზარდოს, მაღალია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები