დღეს ავტოიმპორტიორებს და გარემოს დაცვის სამინისტროს შორის შეხვედრა გაიმართა. ავტოიმპორტიორები 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის შეზღუდვის გადავადებას ითხოვენ. შეზღუდვა, რომელიც იანვარში დაანონსდა და დადგენილების სახე მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს მიიღო, 2024 პირველ იანვარს უნდა ამოქმედდეს.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ოთარ შამუგია ამბობს, რომ ცვლილების შესახებ ყველა დაინტერესებულმა მხარემ იცოდა და ვადებიც სრულად გონივრული იყო.
"ჩვენ, ჯერ კიდევ წლის დასაწყისში დავიწყეთ ბიზნესთან ამ საკითხზე ძალიან აქტიური კომუნიკაცია. ძალიან დიდხანს ვიმუშავეთ კერძო სექტორთან ერთად. ძალიან ბევრ რამეში გავითვალისწინეთ მათი პოზიცია და მხოლოდ ივლისის ბოლოს მივიღეთ დადგენილება. ანუ, თითქმის 6 თვით ადრე. სანამ ავამოქმედებდით 2013 წლამდე გამოშვებულ მსუბუქ ავტომობილებთან დაკავშირებით შემზღუდავ რეგულაციას. შესაბამისად, ვადა იყო საკმაოდ ხანგრძლივი და ყველა იმპორტიორი იყო ინფორმირებული. ჩვენ, ცხადია მოვისმენთ მათ პოზიციებს, თუმცა ეს რეგულაცია კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ბევრად დიდი ხნით ადრე დაანონსდა, მაგრამ მოსმენას წინ არაფერი უდგას და ჩემი დავალებით შესაბამისი სამსახურები შეხვდნენ აქციის მონაწილეებს", - განაცხადა შამუგიამ ჟურნალისტებთან.
bm.ge-ის სამინისტროში უთხრეს, რომ შეხვედრა უკვე დასრულებულია.
შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მიმდინარე წლის 12 ივნისს განაცხადა, რომ 2024 წლის პირველი იანვრიდან საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი აიკრძალება. მაშინ მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია ჰაერის ხარისხის გაუმჯობესებასთან.