მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არქი: „2024 წლის პირველ სამ თვეში ფასი ალბათ 3-5%-ის ფარგლებში გაიზრდება“

არქი

კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორის შიო ხეცურიანის განცხადებით, 2024 წლის პირველ კვარტალში უძრავ ქონებაზე ფასები მცირედით, 3-5%-ის ფარგლებში გაიზრდება. BMG-თან საუბრისას ხეცურიანი ამბობს, რომ ფასების მკვეთრი ზრდის ან კლების მოლოდინი ამ ეტაზე არ არსებობს.

2023 წლის შეფასებისას კომპანიაში აცხადებენ, რომ წელი წარმატებული იყო, რაც მეტწილად საქართველოს სხვა რეგიონებში და აშშ-ს ბაზარზე გასვლამ განაპირობა.

„2023 წელი „არქისთვის“ შეგვიძლია პოზიტიურად შევაფასოთ. მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად ბაზარზე დიდი ზრდა არ იყო, ჩვენ გაყიდვების მხრივ მცირედი ზრდა მაინც გვქონდა და ეს ძირითადად განაპირობა ბაზრის წილმა. მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ მაიამიში, გავედით თბილისის გარეთ და ბათუმში დავიწყეთ პროექტი, შესაბამისად გამორჩეული წელი გვქონდა.

წლის განმავლობაში ღირებულება 7-10%-მდე გაიზარდა. მომავალ წელს ველოდებით სტაბილურობას, პირველ სამ თვეში ალბათ ფასი 3-5%-ის ფარგლებში გაიზრდება. შემდეგი პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე რთულია, რადგან თვითღირებულება ხშირად ტალღურად მატულობს ხოლმე და ამაზე ვართ დამოკიდებული. ცხადია ბაზარზე ფასს მოთხოვნაც მნიშვნელოვნად განაპირობებს, თუმცა, ჩვენ ვცდილობთ ხოლმე რომ გონივრული ფასის ზრდა გვქონდეს. როცა მნიშვნელოვანი ზრდა იყო „არქი“ და ბევრი სხვა კომპანია არ აჰყვა ამას და მცირედით გაზარდეს ფასები.“ - ამბობს ხეცურიანი.

მთავარ გამოწვევებზე საუბრისას კომპანიაში საომარ მოქმედებებს და შემცირებულ ინვესტირებას ასახელებენ.

„მთავარი პრობლემა არა მხოლოდ უძრავი ქონების ბაზარს, არამედ ყველასთვის არის მსოფლიოში საომარი მოქმედებები, რომელიც პირველ რიგში უკრაინა-რუსეთს ეხება, თუმცა ისრაელსა და ღაზის სექტორში არსებული მდგომარეობაც მნიშვნელოვანი გამოწვევაა, რადგანაც მსოფლიოს მასშტაბით სტაბილურობის შეგრძნება ნაკლებად არსებობს. იმედი გვაქვს, რომ მომავალი წელი უფრო მშვიდობიანი იქნება და ქვეყნები, რომლებიც ისტორიულად საქართველოში ინვესტირებას ახორციელებდნენ ისრაელი, უკრაინა, პოლონეთი თუ სხვა არაბული ქვეყნები, განაგრძობენ საქართველოში ინვესტირებას.“ - განაცხადა შიო ხეცურიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები