კომპანია „არქის“ გენერალური დირექტორის შიო ხეცურიანის განცხადებით, მიმდინარე წლის 8 თვეში კომპანიის გაყიდვები გასული წლის ანალოგიურ მონაცემებთან შედარებით 30%-იან ზრდას აჩვენებს. კომპანიაში ამბობენ, რომ მათ მაგალითზე მოთხოვნა მიწოდებას აღემატება, ბაზარზე კი ვითარება დასტაბილურებულია.
როგორც გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ საუბრისას ხეცურიანმა აღნიშნა ფასები წლიურ ჭრილში 5-7%-იან ზრდას აჩვენებს.
„ჩვენს მაგალითზე დღეს მოთხოვნა მიწოდებაზე მეტად იზრდება, 30%-ზე მეტი ზრდაა წლის 8 თვეში და სექტემბერი რომ დაიხურება კიდევ უფრო დიდი ზრდა გვექნება. იცით, რომ ერთ დღეში 644 ბინა გავყიდეთ ჩენს ახალ პროექტში. რაც შეეხება ზოგადად ვითარებას ბაზარზე მცირე ზრდაა, მიუხედავად იმისა, რომ წლის დასაწყისში მცირე კლება ფიქსირდებოდა. მაისიდან მოთხოვნა კვლავ გაიზარდა.
ჩვენს მიმართ ასეთი ნდობა მომხმარებლის მხრიდან გაზრდილი პასუხისმგებლობაა, რომ შესაბამისი პროდუქტი და მომსახურება შევთავაზოთ მათ.
რისკები ყოველთვის არის ამ ბაზარზე, თუმცა დღეს დაბალია, რადგან მოთხოვნა საქართველოში ზრდას აჩვენებს და ჭარბი მიწოდების მხრივ გამოწვევებს ვერ ვხედავთ. აღსანიშნავია ისიც, რომ არა მხოლოდ ჩვენი კომპანიის, არამედ ზოგადად უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული კომპანიების მენეჯმენტი კარგად მართულია.
ფასს რაც შეეხება, ბოლო წლებში დაფიქსირებულ მასშტაბურ ზრდას აღარ ველოდებით, მაგრამ ფაქტია რომ წლიურად 5-7%-იანი სტაბილური ზრდაა.“ - განაცხადა ხეცურიანმა.




























