"იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, ეს ხარვეზები იყო არსებითი" - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე ამბობს, რომ აზარაშვილის მიერ ბევრი ნაბიჯი გადაიდგა, რათა ჯანდაცვის სფერო არასწორად არ განვითარებულიყო, რისთვისაც ყოფილ მინისტრს მადლობას უხდის.
"ბატონმა ზურა აზარაშვილმა ისაუბრა იმ გამოწვევებზე, რასთანაც მას უწევდა გამკლავება მინისტრობის პერიოდში. უამრავი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა ზურაბ აზარაშვილის მიერ. იყო სერიოზული პრობლემები და ის მუშაობდა ამ პრობლემების დაძლევაზე. ეს პროცესი გაგრძელდება.
პრობლემა იყო კომუნიკაცია და მე ამაზე ვისაუბრე. რაც შეეხება ბრძოლას კარტელური გარიგებების წინააღმდეგ და ა.შ ის რა თქმა უნდა გაგრძელდება და იქნება უფრო ეფექტიანი. ყველაფერი გაგრძელდება ისე, როგორც არის დაწყებული.
ჯანდაცვის სექტორი 2012 წლიდან სწრაფად მზარდი სექტორია და ეს იწვევს რისკებს. ზრდასთან ერთად ასეთი რისკებიც იზრდება. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ზურა აზარაშვილს. მან, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადადგა იმისთვის, რომ არასწორი მიმართულებით არ განვითარებულიყო ჯანდაცვის სექტორი საქართველოში.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ, აზარაშვილმა არა ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, თუმცა იყო გარკვეული ხარვეზები კომუნიკაციაში, ეს ხარვეზები იყო არსებითი თავისი შინაარსით და აქედან გამომდინარე იქნა ჩემს მიერ გადაწყვეტილება მიღებული, თუმცა რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება ვერ დაუკარგავს ზურა აზარაშვილს იმ დამსახურებას, რომელიც აქვს" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა გუშინ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც მადლიერება გამოხატა ყოფილი პრემიერის მიმართ, ისაუბრა გამოწვევებსა და მიღწევებზე მისი პოსტზე ყოფნის პერიოდში და არაფერი უთქვამს მოქმედ პრემიერზე.