მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არსებობს განცდა, რომ ტურბულენტური ზონა დამთავრდა და ყველა მექანიზმი თავის ადგილზეა" - ბახტურიძე ენერგეტიკის სექტორზე

ინვესტიცია

"უსასრულო ენერგიის" დამფუძნებელი თორნიკე ბახტურიძე აცხადებს, რომ ენერგეტიკის სფეროში ცვლილებები დადებითია, თუმცა ხილული შედეგების მიღებას რამდენიმე წელი დასჭირდება.

"ენერგეტიკის სექტორში ბევრი სიახლეა, თუმცა თვალხილული შედეგები ჯერ არ დამდგარა. ეს მოხდება მაშინ, როდესაც ახალი ელექტროსადგურები შევა ექსპლუატაციაში. თუმცა საკანონმდებლო ბაზა, დაფინანსების მექანიზმები გაუმჯობესდა და უფრო ხილული გახდა ის გზა, რაც დეველოპერმა უნდა გაიაროს.

იყო პერიოდი, როდესაც გაუქმდა PPA და ფიქსირებულ დანამატზე დავიწყეთ საუბარი, არც ეს მოგვეწონა და CFD-ზე გადავერთეთ, ჩატარდა ერთი აუქციონი, შემდეგ მეორე... ამ ყველაფრის შემდეგ მივედით იმ დასკვნამდე, რომ პირდაპირი მოლაპარაკებების გზა არსებობს და ის კარგია, ცუდი არ არის, ისევე როგორც საჯაროდ დადგენილი ფასების გამოყენება. მთავარი შედეგი ისაა, რომ არცერთ მხარეს ექნება იმის განცდა, რომ სახელმწიფო რომელიმე კომპანიას უპირატესობას ანიჭებს, ზოგს მეტ ფასს უხდის, ზოგს - ნაკლებს", - აღნიშნა თორნიკე ბახტურიძემ bm.ge-სთან ინტერვიუში.

"უსასრულო ენერგიის" დამფუძნებელი ასევე აღნიშნავს, რომ გამოწვევები, რომლებიც ენერგეტიკის სფეროში არსებობდა - მათ შორის ბიუროკრატიული ნაწილი და აუქციონის ვადების დარღვევის პრობლემები - თითქმის აღმოიფხვრა.

"ბიუროკრატია იყო, მაგრამ ეს მეტწილად სიცხადის არარსებობით იყო მოტივირებული. სახელმწიფო უწყებების მიერ არ იყო გაცხადებული, რომ CFD-ის გაფორმების შემდეგ პროექტი დაფინანსებადი ხდებოდა. ახლა უკვე შეცვლილია ეს ყველაფერი, CFD-ის მოვიხსენიებდი, როგორც გარანტირებული შესყიდვის ხელშეკრულებას, რაც უკვე ორივე მხარისთვის აჩენს კომფორტს - ეს აუცილებლად გადაითარგმნება ნაკლებ ბიუროკრატიაში.

ბოლო აუქციონს რაც შეეხება, რა ვადებიც იყო გამოცხადებული, მიმდინარეობს სწორედ მათი დაცვა და ვერ ვიტყვი, რომ ცვლილებების შემდეგ ბიუროკრატიული ბარიერები დარჩა. უბრალოდ, ეს პრობლემა იმდენად ტრივიალური გახდა და იმდენი ვისაუბრეთ ამაზე, რომ მოლოდინი გვაქვს, თითქოს ხვალვე შეიცვლება ყველაფერი. სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ხვალ ვერ მოხდება.

ამის მიუხედავად, კერძო სექტორში არსებობს განწყობა, რომ ტურბულენტური ზონა დამთავრდა და, ავად თუ კარგად, ყველა მექანიზმი თავის ადგილზეა, რათა შემდეგი 5-10 წელი განვითარება სტაბილური იყოს. თუ ადრე უბრალოდ არ არსებობდა დაფინანსების მექანიზმი, ახლა ყველა კომპონენტი თავის ადგილზეა", - აცხადებს თორნიკე ბახტურიძე.

ცნობისთვის, 2024 წლის აპრილში ცნობილი გახდა, რომ მთავრობა ახალ CFD აუქციონებს აღარ გამოაცხადებს და ეკონომიკის სამინისტრო ინვესტორებთან პირდაპირ კონტრაქტებს გააფორმებს. ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, მთავრობა PPA-ის, ანუ სიმძლავრის გარანტირებული შესყიდვის ტარიფებს აღადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები