მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს ინფორმაცია, რომ სოცდაუცველთა დასაქმების პროგრამაში ბევრი პოზიცია ხელოვნურად შეიქმნა - სამნიძე

ხათუნა სამნიძე

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე, სადაც მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავენ, პარლამენტის წევრმა ხათუნა სამნიძემ სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამაზე იკითხა. 

სამნიძის თქმით, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა კონკრეტული უნარების განვითარებისთვის არ გამოიყენება და დასაქმებაც ნეპოტიზმით ხდება. 

“თვითმმართველობებში ინფორმაცია არსებობს, რომ ძალიან ბევრი ეს პოზიცია ხელოვნურად შექმნილია და ზოგი სასაცილოც არის. ისევ ნეპოტიზმით და პირადი კავშირებით ხდება ადამიანების დასაქმება. უნარების განვითარების მიზნით არ ხდება ამ ადამიანების დასაქმება. ეს პრობლემაა, რაც თავის მხრივ თუ რამე პოზიტიური აქვს ამ პროგრამას, ამის გამო მისი დისკრედიტაცია ხდება. ადამიანები, რომელთა დასაქმებაც მნიშვნელოვანია, პროგრამის გარეთ რჩებიან.  ზოგადად, ამ პროგრამის მომხრე საერთოდ არ ვარ და არ მგონია, რომ ის ეფექტიანია, თუნდაც ხარჯების ან იმ მიზნით, რომ ადამიანები შრომას მიეჩვევიან. წლიდან წლამდე არ ჩანს, რომ სახელმწიფოს მიზანია სოციალურად დაუცველთა რიცხვის შემცირება", - განაცხადა სამნიძემ.

ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე საპასუხოდ ამბობს, რომ სახელმწიფომ ამ ადამიანებს საარსებო შემწეობას უცებ ვერ შეუწყვეტს და ეს ადამიანები შრომის ბაზრისთვის უნდა მოემზადონ. 

“რაღაცით უნდა დავიწყოთ იმისთვის, რომ შედეგამდე მივიდეთ. პირდაპირ ხისტად რომ ავდგეთ და ვუთხრათ, რომ თქვენ მუშაობა შეგიძლიათ და ფულს აღარ მოგცემთ, ასე არ გამოვა. აუცილებელია, გარკვეული ეტაპი გავიაროთ იმისთვის, რომ ეს ხალხი მოვამზადოთ და მივაჩვიოთ იმას, რომ სავალდებულო გახდეს სამუშაოს მაძიებლად დარეგისტრირება. ხოლო შემდეგში დავალდებულება, რომ გარკვეული შეთავაზებიდან რომელიმე აირჩიონ, წინააღმდეგ შემთხვევაში კონკრეტულ პირზე დახმარების მოხსნის შესაძლებლობა იქნება", - აცხადებს ფინანსთა მინისტრის მოადგილე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები