პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ საქართველოს და ამერიკის შეერთებული შტატების ხელისუფლებებს შორის არსებობს განსხვავებული მოსაზრებები სხვადასხვა საკითხებთან მიმართებით, თუმცა მთავარია რომ ქვეყნებს შორის ღია დიალოგი არსებობდეს.
ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მთავრობა ამერიკის ახალი ელჩის რობინ დანიგანის ჩამოსვლას და მასთან თანამშრომლობას ოპტიმიზმით ელის.
“ჩვენ დიდი ოპტიმიზმით ველოდებით ახალი ელჩის ჩამობრძანებას, მე დიდ იმედს ვამყარებ, რომ ქალბატონ ელჩთან ჩვენ პირველივე დღეებიდან საკმაოდ კარგ ურთიერთობას დავამყარებთ. ჩვენ გვექნება მაქსიმალურად ღია და გულწრფელი ურთიერთობა. ბუნებრივია ქვეყნებს შორის არსებობს მჭიდრო ურთიერთობები. ამერიკა არის ჩვენთვის ნომერ პირველი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა.
შეიძლება არსებობდეს აზრთა სხვადასხვაობები ქვეყნებს შორის და ეს ბუნებრივია. ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს, ამერიკასაც თავისი მიზნები და ინტერესები აქვს. არსებობს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები და ეს ნორმალური პროცესია. მთავარია, რომ დიალოგი იყოს ჯანსაღი, ჩვენ არავითარი დაფარული დღის წესრიგი არ გვაქვს.
21 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველს, ჯეიკ სალივანს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების საკითხების ფართო სპექტრი მიმოიხილეს და სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებზე იმსჯელეს.