მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არსებობს თუ არა კავშირი განაშენიანებასა და საცობებს შორის? - ვიქტორ წილოსანის პასუხი

წერტილი

მიმდინარე წლის დეკემბერში „ურბანული კვლევების ცენტრმა“ (URC) უახლესი კვლევის „მტკვრის მარჯვენა სანაპიროს ურბანული გამოწვევების“ მიგნებები წარადგინა, რომელშიც რისკები და საჭიროებები კულტურული მემკვიდრეობის, მიწათსარგებლობის და ტრანსპორტის ჭრილშია წარმოდგენილი. კვლევის ავტორების შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის მერია ავტომობილებზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, რამდენიმე წელია სატრანსპორტო რეფორმას ატარებს, ქალაქის მიწათსარგებლობის და განაშენიანების პოლიტიკა დასახულ მიზანს ვერ/არ პასუხობს და რეფორმის წარუმატებლობის მნიშვნელოვან რისკებს წარმოშობს. ამასთან, კვლევის მიგნებებში აღნიშნულია, რომ ტრანსპორტის და მიწათსარგებლობის ინტეგრირებული განხილვის ერთადერთი არსებული ინსტრუმენტი - ტრანსპორტზე ზეგავლენის შეფასება (ტზშ) გაუმართავია და გამოწვევებს ვერ პასუხობს.

არსებობს თუ არა კავშირი განაშენიანებასა და საცობებს შორის? - ეს კითხვა თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს უფროს ვიქტორ წილოსანს BMG tv-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანმა თელარა გელანტიამ დაუსვა. სააგენტოს ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქალაქში ავტომობილების გაზრდილი რაოდენობის მიზეზი არა - განაშენიანების მაღალი მაჩვენებელი, არამედ ეკონომიკური ზრდა და მოსახლეობის ავტომობილებზე მაღალი დამოკიდებულებაა. საკითხის მოგვარების გზად კი, ვიქტორ წილოსანი სატრანსპორტო რეფორმას ასახელებს, რომლის პირველი ეტაპი, მისივე ინფორმაციით, 2024 წლის ბოლოს უნდა დასრულდეს.

- ურბანული კვლევების ცენტრის ახალი კვლევის მიხედვით, ტრანსპორტზე ზეგავლენის შეფასება გაუმართავია და ვერ პასუხობს გამოწვევებს; თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოში კომპანიების მიერ წარდგენილი დოკუმენტები კი შაბლონურია. რას უპასუხებთ კვლევის ავტორებს? არის თუ არა კავშირი მრავალფუნქციური კომპლექსების აშენებასა და მობილობის ზრდას შორის, რაც შეიძლება საცობების გამომწვევი მიზეზი იყოს...

- თქვენ ეკონომიკურ თემებს აშუქებთ და კითხვას შემოგიბრუნებთ: წარმოიდგინეთ, რომ თბილისში განაშენიანება საერთოდ არ მოხდეს ანუ ჩაიკეტოს თბილისის განაშენიანება. ამასთან, ისიც ვიცით, რომ მშპ-ში მშენებლობას და მასთან დაკავშირებულ სექტორებს 35% უკავია. დავუშვათ ამ ეკონომიკური სექტორის ალტერნატივა იპოვა ქალაქმა. თქვენი აზრით, ქალაქში უფრო მეტი მანქანა იქნება, ნაკლები თუ იგივე დარჩება?

- ალბათ გაიზრდება, რადგან თუ ეკონომიკა გაიზარდა და მოქალაქეებს მეტი შემოსავალი გაუჩნდათ, შესაძლოა, ამას ავტომობილების რაოდენობის მატებაც მოჰყვეს...

- ანუ თქვენ თავად მეუბნებით, რომ მშენებლობა, გარდა იმისა, რომ ეკონომიკურ ზრდას უწყობს ხელს, არანაირ კავშირში არ არის მანქანების რაოდენობის ზრდასთან...

- მე არ მაქვს ასეთი დასკვნის გაკეთების კომპეტენცია; მით უმეტეს, ვერ ვიტყვი, რომ არანაირ კავშირში არაა.. შეიძლება, ცენტრში აღარ უნდა ავაშენოთ ახალი საცხოვრებელი თუ მულტიფუნქციური შენობები...

- მაშინ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და შემიძლია, ეკონომიკის ნებისმიერ ექსპერტთან დავჯდე და <ვიმსჯელოთ>, რომ მანქანების რაოდენობა იზრდება, პირველ რიგში, იმის ხარჯზე, რომ ეკონომიკა იზრდება და მეორე - იმის გათვალისწინებით, რომ შეიძლება მოსახლეობა გაიზარდოს. მოგეხსენებათ, საქართველოს მოსახლეობა იმ რაოდენობით არ გაზრდილა, რა რაოდენობითაც მანქანების რიცხვი იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ დღეს ავტომობილების რაოდენობის ზრდა პირდაპირ ეკონომიკურ ზრდასთანაა დაკავშირებული.

რაც შეეხება მშენებლობის საკითხს, რაზედაც თქვენ კითხვა დასვით... პირველი - ხდება აპელირება და სატრანსპორტო პოლიტიკისა და მშენებლობის საკითხების ერთმანეთით გადაფარვა აბსოლუტურად გაუაზრებლად და არაკომპეტენტურად. ჩვენ თუ გვინდა, ძველი თბილისის განაშენიანება მივიღოთ დღეს, მერწმუნეთ, ამას დღეს ჩვენ ვერ მივიღებთ. პირველი იმიტომ, რომ ტექნოლოგიები განვითარდა და უფრო მაღალი შენობების აშენებაა შესაძლებელი; მეორე - ქალაქის მიზანია და გენგეგმაში წერია, რომ მთელ მსოფლიოში ქალაქები ცდილობენ ქალაქების გამჭიდროვებას და ურბანული ცენტრების შექმნას, რომ მობილობა შეიზღუდოს და ყველა უბანს გააჩნდეს თავისი ბიზნესს გამზირები, რომ არ მოხდეს უბნიდან უბანში დენადობა, რაც მხოლოდ სიმჭიდროვითაა შესაძლებელი. ჩვენ თუ სიმჭიდროვეს არ შევუწყობთ ხელს, არ გვექნება მაღალი შენობები და მიწის ეფექტიანად გამოყენებას ვერ შევძლებთ, ეს ნიშნავს იმას, რომ უძრავი ქონების ფასი ისე გაფრინდება, რომ მსყიდველუნარიანობა აღარ იქნება, რაც პირდაპირ ეკონომიკას დაარტყამს. ასეთი რაღაც წარმოუდგენელია...

- ასეთი საცობები, როგორიც დღეს ქალაქშია, არ შეიძლება გაგრძელდეს...

- კიდევ ერთხელ ვამბობ, საცობების გამომწვევი მიზეზი ავტომობილზე მაღალი დამოკიდებულებაა. ევროპაში ავტომობილი მოსახლეობის დაახლოებით 70%-ს ჰყავს, ჩვენ ამის ნახევარ ნიშნულზე ვართ, თუმცა იქ (კვირაში 5 დღე ან მეტი ავტომობილის გამოყენება) ავტომობილს მოსახლეობის 8% გამოიყენებს და ჩვენთან - 97%.

- და რატომ გამოიყენებს? - იმიტომ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის კომფორტული...

- რა თქმა უნდა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის კომფორტული...

- 2024 წლის ბოლოსთვის დასრულდება სწრაფი სატრანსპორტო დერეფნების მოწყობა?

- ვიმედოვნებ, რომ დასრულდება. გარწმუნებთ, ამას გაცილებით დიდი პერიოდი არ დასჭირდება, რადგან რეალურად 3 წელიწადში 70 კმ-ის გაცილებით რთული დერეფნები შეიქმნა, ვიდრე ეს დარჩენილი 40 კმ-ია.

როდის დასრულდება თბილისში „ბასლეინების“ მოწყობა? - ვიქტორ წილოსანის პასუხი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები