მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

არსებული თამაშის წესები ქართველ მწარმოებლებს, ჩვენს ქსელურ მარკეტებში პროდუქციის რეალიზაციაში ხელს უშლის - ირაკლი კობახიძე

ფასების კომისია

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, პროდუქტის სარეალიზაციო ბაზარზე არსებული თამაშის წესები პროდუქტის ადგილობრივ მწარმოებლებს, ქსელურ მარკეტებში პროდუქციის რეალიზაციაში ხელს უშლის, ამის შესახებ მან ფასების კომისიის მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩვენ გვაქვს პირველადი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ არსებული თამაშის წესები ბაზარზე გარკვეულწილად ხელს უშლის ქართველ მწარმოებლებს, რომ უზრუნველყონ საკუთარი პროდუქციის სათანადოდ რეალიზაცია ქართულ სივრცეში, ჩვენს ქსელურ მარკეტებში. მთლიანობაში, ფასნამატი საქართველოს საზღვრიდან თარომდე შეადგენს 86%-ს. აქ არ შედის არც ერთი გადასახადი - არც იმპორტის გადასახადი, არც დღგ. ეს არის სუფთა ფასნამატი, რაც წარმოიქმნება დისტრიბუციის დონეზე და შემდეგ უკვე ქსელურ მარკეტებში. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ ეს ფასნამატი საკმაოდ მაღალია. ჩვენ ვნახეთ, მაგალითად როგორია სხვაობა საბითუმო და თაროს ფასებს შორის ევროპის ქვეყნებში და როგორც წესი, ფასნამატი 20-დან 30%-მდე მერყეობს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობთ, სივრცე ფასების კლებისთვის არსებობს, მათ შორის ქართულ პროდუქციაზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა: "ბიზნესი ჩვენს ქვეყანაში თავისუფლების მაღალი ხარისხით სარგებლობს, აქედან გამომდინარე, ფასწარმოქმნა ხორციელდება თავისუფალი საბაზრო პრინციპების საფუძველზე, თუმცა, აქ შემოდის ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი მოსახლეობის წინაშე და ვფიქრობთ, ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, შეგვიძლია, გარკვეული წვლილი შევიტანოთ ფასების კლებაში".

კომისიის სხდომას 25-მდე ქართული მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელი დაესწრო.

მიმდინარე კვირის განმავლობაში სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში შეხვედრები ფარმაცევტული პროდუქციისა და საწვავის ფასებთან დაკავშირებით გაიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები