დეველოპერული კომპანია „არსი“ ახალი ინიციატივით გამოდის და არქიტექტორებს, ინვესტორებს, სამშენებლო კომპანიებსა და, პირველ რიგში, საზოგადოებას განაშენიანების ახლებური მიდგომისკენ მოუწოდებს. ახალი ხედვა გულისხმობს ისეთი პროექტების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც, მოგებასთან ერთად, ორიენტირებული იქნება ქვეყნის, ქალაქის ღირებულებისა და მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდაზე. ამასთანავე, მსხვილი ინვესტორებისა და ტურისტების მოზიდვაზე.
„დღეს ინვესტორების მთავარი საზრუნავი რაც შეიძლება მაღალი კოეფიციენტის მოპოვება და მაქსიმალური მოგების მიღებაა. შედეგად, სახეზეა ქაოსური განაშენიანება, რაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის უკმაყოფილებას იწვევს. ჩვენი ინიციატივა კი სწორედ ამ მიდგომის შეცვლას ემსახურება – გვინდა, საზოგადოებასა და სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს მოვუწოდოთ, რომ ერთმანეთს კოეფიციენტების მოპოვებაში კი არა, ინოვაციური და საინტერესო კონცეფციის პროექტების შექმნაში შევეჯიბროთ“, – ამბობს „არსის“ დამფუძნებელი ირაკლი როსტომაშვილი.
დეველოპერულ კომპანია „არსში“ ამბობენ, რომ ახალი მიდგომა სასიკეთო ცვლილებებს რამდენიმე მიმართულებით გამოიწვევს, რაც ერთნაირად მოგებიანი იქნება როგორც ინვესტორებისთვის, ისე დედაქალაქისა და მისი მოსახლეობისთვის.
„თბილისი უფრო კომფორტული გახდება მისი მცხოვრებლებისთვის. ამასთანავე, გაიზრდება ქალაქის, როგორც დიდი რეგიონის ცენტრის, ღირებულება, რაც მოსახლეობის უძრავი ქონების ფასზეც აისახება. ცხადია, ინოვაციური პროექტების შემუშავებითა და წარდგენით მეტი ინვესტორის დაინტერესებასა და ტურიზმის უფრო სწრაფად განვითარებას შევძლებთ. გამოდის, რომ ქალაქის განაშენიანების ახლებური მიდგომის შედეგად მოგებული დარჩება ყველა მხარე. თბილისის პოზიციონირება უნდა მოხდეს, როგორც დიდი რეგიონის ცენტრის“, – აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილი.
„არსის“ ინიციატივა ქალაქისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხილვაში ფართო საზოგადოების ჩართულობასაც გულისხმობს, რათა მოსახლეობის ინტერესები მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული. ამისთვის კი კომპანია მზად არის, დაინტერესებულ პირებს მსჯელობისთვის თავისივე სამუშაო სივრცე დაუთმოს.
კომპანიამ საკუთარი ხედვის საილუსტრაციოდ უკვე შეიმუშავა 5 მასშტაბური პროექტი, რომლებიც თბილისში უფუნქციოდ დარჩენილი სივრცეების აღდგენას, ახალი საზოგადოებრივი და გამწვანებული ზონების მოწყობასა და ტურისტული ლოკაციების გაჩენას ემსახურება.
„არსი“ 35 წელია, სამშენებლო სფეროში ოპერირებს. ამ ხნის განმავლობაში ჩვენი გუნდი აქტიურად აკვირდება განაშენიანების პროცესს და საკმაოდ დიდ რესურსს დებს მის გაანალიზებასა და ქალაქის პოტენციალის შესწავლაში. შედეგად, ჩვენმა გუნდმა შეიმუშავა პროექტები, რომლებიც მოიცავს აბანოთუბნის ტერიტორიაზე ისტორიული ზონის აღდგენას, ცირკის მიმდებარედ პარკის მოწყობას, თამარაშვილისა და გმირთა მოედნის საფეხმავლო გზით დაკავშირებასა და მტკვრის სანაპირო ზოლის განვითარებას. ცხადია, ამ პროექტებს საზოგადოების სამსჯავროზე გამოვიტანთ და მასთან ერთად ვიმსჯელებთ მათ ავკარგიანობაზე. სურვილის შემთხვევაში კი, პროექტების განხორციელებას დაინტერესებულ პირებს მივანდობთ.
იმედი გვაქვს, „არსის“ ინიციატივა და ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები სტიმულს მისცემს სხვა დეველოპერულ კომპანიებსაც, რომ თავადაც წარმოადგინონ თბილისის მოწყობის მათეული გეგმა და ხელი შეუწყონ დედაქალაქის ცალკეული სივრცეების სწორ განვითარებას“, – ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.