დეველოპერულ კომპანიებში აცხადებენ, რომ სამშენებლო სექტორში დასაქმებულებისთვის შეღავათის გაუქმება და მცირე მეწარმეების 1%-ის ნაცვლად 20 %-ით დაბეგვრა, დარგზე ნეგატიურად აისახება.
როგორც „არსის“ დირექტორმა BMG-ის განუცხადა ეს ინიციატივა სამშენებლო კომპანიებს ხარჯებს გაუზრდის და საბოლოოდ უძრავ ქონებასაც გააძვირებს. ამასთან, ბესო ორთოიძის თქმით, დაბეგვრის რეჟიმის ცვლილება შესაძლოა, პრობლემური აღმოჩნდეს მიმდინარე სამშენებლო პროექტების დასრულების მხრივაც.
„როდესაც ვხედავთ რა ხდება ქვეყანაში და ყველა წინაპირობაა, რომ ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდოს ეს ყველაფერი, ამის ფონზე ალოგიკურია ამ ინიციატივის ასე დაჩქარებულად მიღება. ცალსახად ვიცით, რომ გარკვეულ პრობლემებს შექმნის და გააძვირებს უძრავ ქონებას, რადგან დამატებითი გადასახადი გაჩნდება. ასევე, გაურკვევლობას გამოიწვევს მიმდინარე კონტრაქტებში. როდესაც დამკვეთი და შემსრულებელი შეთანხმებულები არიან ბიუჯეტზე, მასში განსაზღვრულია არსებული სახით გადასახადები და ამ კონტრაქტებშიც უნდა შევიდეს ცვლილებები.
არის პროექტები, სადაც უძრავი ქონება უკვე გაყიდულია. სამომავლოდ, ამის გარდა შეიძლება რომ რაიმე სხვა ნაწილშიც მოხდეს გაძვირება და მშენებლობის თვითღირებულების გაზრდა, სამშენებლო მასალებზე, ზოგადი ინფლაცია და ერთობლივად შეიძლება საბოლოოდ პრობლემა წარმოიშვას მიმდინარე პროექტების დასრულებაზე”, - განაცხადა ბესო ორთოიძემ.
ცნობისთვის, სამშენებლო სექტორში დასაქმებული მცირე მეწარმეებისთვის გადასახადის გაზრდის ინიციატივა პარლამენტს მიმდინარე კვირაში წარედგინა და ამ გზით "ქართული ოცნება" ბიუჯეტში დამატებით 200 მლნ ლარის მობილიზებას გეგმავს.
კერძოდ, 1 თებერვლიდან თუ სექტორში დასაქმებული მცირე მეწარმეები მომსახურებას გაუწევენ ორგანიზაციას, საწარმოს ან მეწარმე ფიზიკურ პირს, ისინი ამ სტატუსით ვერ ისარგებლებენ და 1%-ის ნაცვლად, 20%-ით დაიბეგრებიან.